16 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
ისტორიულად გაუფასურებული რუბლი, რუსული აქციების ფასის რეკორდული ვარდნა - რა ეკონომიკურ ფასად უჯდება რუსეთს უკრაინაში შეჭრა

უკვე მეხუთე დღეა უკრაინაში ომია, მეხუთე დღეა პუტინის პოლიტიკამ მსოფლიო ფეხზე დააყენა. პანიკური ვაჭრობა მოსკოვის საფონდო ბირჟებზე, ისტორიულად გაუფასურებული რუბლი, რუსული კომპანიების აქციების ფასის რეკორდული ვარდნა - ეს ეკონომიკის მყისიერი რეაქცია იყო კრემლის აგრესიაზე. აქციების ფასი შეუმცირდათ ისეთ რუსულ გიგანტებს, როგორიცაა Gazprom -, Lukoil ; VTB ; Yandex; Rosneft ; Inter Rao და Sberbank. ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარამდე გაძვირდა. ბლუმბერგის ინფრომაციით, საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 250 მილიარდი დოლარით იკლო, რაც რუსული საფონდო ბირჟის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვარდნაა. მცირდება რუსი მილიარდელების ქონებაც. ეს ეკონომიკური ფასია, რასაც რუსეთი პოლიტიკურთან ერთად ურაინაში ომის გამო პირველი წუთებიდან უკვე იხდის. თუმცა, როგორც დასავლეთმა დაანონსა, მოსკოვს აგრესია გაცილებით ძვირი დაუჯდება.

რამდენიმე მსხვილი ბანკის სვიფტიდან ჩახსნის შესახებ, რამდენიმედღიანი მსჯელობის შემდეგ, ბანკთაშორისი ტრანზაქციების სისტემიდან რუსეთის ბანკების დაბლოკვას მხარი აშშ-მა, კანადამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, დაუჭირა. გადაწყვეტილების მიხედვით, ასევე, მოხდება რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებაც. დასავლურ ბაზრებზე საკუთარი ფინანსური აქტივების გამოყენებას ვეღარ შეძლებენ რუსი ოლიგარქები. მზად არის პერსონალური სანქციები პუტინისთვის, ლავროვისა და კრემლის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნისთვის. სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის ელიტა, მათი ოჯახის წევრები და დუმის 351 დეპუტატი. სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში ვეღარ გამოიყენება. სანქციები ითვალისწინებს საბანკო აქტივების გაყინვას იმ რუსული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოსთვის კონკრეტულ ოპერაციებს ასრულებენ. რუსულ კომპანიებს ეზღუდებათ ფინანსების მოზიდვა და ფულის სესხებაც, ლიმიტი დაწესდება დეპოზიტებზეც. რუსეთს შეეზღუდება შესაძლებლობა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, ფუნტში და იენში. კონტროლდება ექსპორტი და 50 პროცენტით იზღუდება რუსეთში იმპორტი. იკეტება საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის. შეჩერდა Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცესიც. რუსეთს შეზრუდვებს უწესებენ, გუგლი და სოციალური მედიამაგნატებიც. განიხილება დამატებითი მექანიმზებიც. იგეგმება მრავალმხრივი ტრანსატლანტიკური სამუშაო ჯგუფის გააქტიურება, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს.

მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება ოფიციალური თბილისი - ამ გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ინტერესით ხსნის. ამბობს, რომ ამ პროცესში ჩართვა "გაცილებით მეტად დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას."" თუმცა, ოფიციალური თბილისი უკრაინაში რუსულ აგრესიას გმობს და კიევს სოლიდარობას უცხადებს. უკრაინაში უკვე ჩავიდა თბილისიდან გაგზვნილი პირველი ჰუმანიტარული ტვირთი.

დღის ამბები