ბრიუსელი რუსეთის აგრესიის საპასუხო ნაბიჯებს დგამს - ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ხვდება.
საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა, სამხედრო ჩინოსნებთან ერთად უნდა განსაზღვროს როგორ განაწილდება უკრაინისთვის გაცემული მილიონობით ევრო.
ასევე, მსჯელობის საგანია როგორ მოხდება კოორდინაცია წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
"ჩვენ შეხვედრას გავმართავთ თავდაცვის მინისტრებთან უკრაინაში არსებულ სამხედრო ვითარებაზე, რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით, როგორია ჩვენი გეგმები და რას მოვუხერხებთ უკრაინისთვის გამოყოფილ მილიარდობით ევროს - სწორედ ეს იქნება განხილვის თემა. ბრძოლა ინტენსიურია, კიევი იბრძვის, რუსეთს კი ეს აგრესია ძვირი დაუჯდება.
ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ტყვია-წამალი, იარაღი, სამხედრო ტექნიკა. დღეს ბელარუსში რეფერენდუმია, უფრო სწორად, ცრუ რეფერენდუმი, მათ სურთ კონსტიტუციით განსაზღვრონ ბელორუსის სტატუსი, როგორც ატომური იარაღის მქონე ქვეყანა. ეს ძალიან საშიშია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ამ სტატუსს თუ ბელორუსი მიიღებს რა მოხდება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ბელორუსში ბირთვულ იარაღს განათავსებს, ეს ძალიან საშიში გზაა. მოვუწოდებთ ხალხს, გააპროტესტონ ეს საკითხი და ის აგრესია, რაც უკრაინის წინააღმდეგ ხდება.
რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირის წევრობას - დღეს ეს განხილვის თემა არ არის, ჩვენ პრაქტიკულ ნაწილზე ვმსჯელობთ. უკრაინას აქვს ნათელი ევროპული პერსპექტივები, მაგრამ ახლა ჯერ აგრესიას უნდა გავუმკლავდეთ. არ შეიძლება უფრო ძლიერმა ქვეყანამ ნაკლებად ძლიერი დაჩაგროს, თუ ამას შევეგუებით, მაშინ გამოდის, ჯუნგლების კანონს მივყვებით, როდესაც ძლიერი ეუბნება სუსტს, რომ მოერევა და მოკლავს, ჯუნგლების წესი კი ჩვენთვის, ევროპელებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ამის შესაჩერებლად ყველაფერს გავაკეთებთ," - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა.
"მივესალმებით უკრაინის ხელმძღვანელობის მზადყოფნას მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა რუსეთის პრეზიდენტისადმი ნდობა წარსულს ჩაბარდა. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის პრობლემა, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, მაგრამ წევრობას აქვს პროტოკოლი და ამჯერად ის უნდა იყოს დაცული.
უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, ჩვენ გვინდა, რომ ის შეუერთდეს. ევროკავშირი რუსეთს მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით პასუხობს. უკვე მზად ვართ სანქციების მესამე პაკეტისთვის. ამ წინადადების თანახმად, რამდენიმე რუსული ბანკი SWIFT სისტემიდან გაითიშება და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაიყინება. ასევე, ფართოვდება ინდივიდებზე გამიზნული ღონისძიებების სპექტრი და დაარსების დღიდან პირველად, ევროკავშირი უგზავნის იარაღს უკრაინას, ქვეყანას, რომელიც შეიარაღებული აგრესიით იტანჯება. ვკეტავთ ჩვენს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის,"-აცხადებს ურსულა ფონ დერ ლეიენი.
ცნობისთვის, ევროკავშირი უკრაინას 450 მილიონი ევროს ლეტალურ და 50 მილიონი ევროს არალეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.