საქართველოს პარლამენტში უკრაინის საკითხი კვლავ დაპირისპირების მიზეზია. წუთიერი დუმილის შემდეგ დღევანდელ ბიუროს სხდომა კამათით გაიხსნა.
ოპოზიციას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უკრაინის ელჩის მიწვევა სურს, მმართველი გუნდისგან კი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. "ქართული ოცნება" იგორ დოლგოვის პარლამენტის მისვლას არ ეწინააღმდეგება, თუმცა მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში პროვოკაცია სურს.
მმართველი გუნდის ოპონენტებისგან განსხვავებით, საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ხედავს ამერიკის ელჩიც, რომელიც დღეს პარლამენტის სპიკერს შეხვდა.
წუთიერი დუმილით ბიუროს სხდომა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ამ ფორმით დეპუტატები უკრაინაში დაღუპულებს მიაგეს პატივი და სოლიდარობა გამოხატეს უკრაიენლი ხალხის მიმართ. მალევე ომი უკრაინაში ქართველ პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
კამათი მოჰყვა უკრაინის ელჩის საკანონმდებლო ორგანოში მიწვევის ინიციატივასაც. ოპოზიცია იგორ დოლგოვის მოსვლას ხვალ პლენარულ სხდომაზე ითხოვს. პარალელურად "ქართულ ოცნებას" ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს და კიდევ ერთხელ გააჟღერეს რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხიც.
საქართველოს პოზიცია უკრაინის მიმართ რომ მკვეთრია, დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს მმართველ პარტიაში, სადაც თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მჭიდრო კომუნიკაციაშია პარტნიორებთან და გადაწყვეტილებებს მათთან შეთანხმებით, ეროვნული ინტერესების დაცვით, იღებს.
გამოეხმაურნენ პარლამენტში უკრაინის ელჩის ვიზიტის საკითხსაც. მმართველი პარტიისთვის იგორ დოლგოვის პლენარულ სხდომაზე მისვლას პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, მიიჩნიათ, რომ ოპოზიციას ამ ქმედებით პლენარულ სხდომაზე პროვოკაციის გამოწვევა სურს.
უკრაინის მიმართ საქართველოს მკვეთრ მხარდაჭერას ხედავს ამერიკის ელჩი საქართველოში. კელი დეგნანმა კომენატრი შალვა პაპუაშვილთან თითქმის 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
უკრაინა იყო მთავარი თემა, ამერიკელ დიპლომატსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზეც, სადაც ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე