უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადისთვის ემზადება. ევროკომისარმა გუშინვე განაცხადა, რომ უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროპამ ასევე მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პირველად თავის ისტორიაში, არაწევრი ქვეყნისთვის ყიდულობს და აწვდის იარაღს, მათ შორის, ლეტალურს. დღესვე, NATO-მ გამოაცხადა, რომ უკრაინას საჰაერო, საზენიტო ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდებას უზრდის.
მისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ნეიტრალურმა შვეიცარიამ, რომელიც რამდენიმე დღის დაგვიანებით შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს. ბრიტანეთი, ლატვია, დანია, ხორვატია - ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ უფლებას აძლევენ თავიანთ მოქალაქეებს მოხალისეებად წავიდნენ უკრაინის მხარდასაჭერად.
უკვე რამდენიმე დღეა ევროსტრუქტურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ბრიუსელში. დღეს ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრაც იყო. ახლა ევროპისთვის მნიშვნელოვანი რუსეთის ენერგომატარებლებიდან ჩახსნა და ალტერნატიული გზების ძიებაა, ხვალ კი ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციის მისაღებად ემზადება, სადაც მთავარი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაა.
რეზოლუციის პროექტი მოამზადა ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთიანად და, ჩვენი ინფორმაციით, წინასწარ ვარიანტში, რასაც უკვე ხვალ განიხილავენ.
პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ცეცხლი სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე და გამოიყვანოს საჯარისო ფორმირებები. ასევე, ევროდეპუტატები მხარს უჭერენ იმ მკაცრ სანქციებს, რაც უკვე გაატარა ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და კიდევ მოითხოვენ გაგრძელდეს მუშაობა სანქციებზე. ასევე, ევროდეპუტატები მიმართავენ ევროსტრუქტურებს, რომ უკრაინას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
"ჩვენი პოლიტიკური გზავნილი ნათელია: ჩვენ ვგმობთ პუტინის არალეგალურ პროვოკაციულ ქმედებებს და მოვითხოვთ უკრაინიდან რუსული ჯარების გასვლას. მივესალმებით იმ ზომებს, რაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო, ასეთი უპრეცედენტო რამ აქამდე არ მომხდარა. ჩვენ გამოვყავით მილიონები სამხედრო დახმარებისთვის და ეს არის რუსი დიქტატორის წინააღმდეგ.
ქვეყანა იბრძვის გადარჩენისთვის, დამოუკიდებლობისთვის დემოკრატიისა და განვითარების გზისთვის.
ჩვენ გვაქვს რეზოლუციის პროექტი და მოვუწოდებ ევროპულ ინსტიტუტებს, დაასახელონ უკრაინა კანდიდატად. ეს პოლიტიკური სიგნალი გადამწყვეტი მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია. დებატები გაგრძელდება ამ საკითხზე.
ახლა ბიუროკრატიული საკითხების დრო არაა. არსებობს ეგზისტენციალური საფრთხე, ვერ დავაკვირდებით ახლა იმას გადარჩება თუ არა უკრაინა და როცა გადარჩება შემდეგ ვუთხრათ ახლა უნდა მოვიცადოთ,"- აცხადებს ევროდეპუტატი მიხაილ გალერი.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა თავდაცვის მინისტრებთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთმა გადაიხადოს ძვირი ფასი იმ ქმედებებისთვის, რასაც უკრაინაში სჩადის.
"მე ვიცი, რომ რუსებს არ უნდათ ომი, ეს ყველაფერი პუტინმა და მისმა რეჟიმმა წამოიწყო. ახალა გვაღელვებს სხვა მეზობელი სახელმწიფოების ბედი, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. ოთხშაბათს მოლდოვის მთავრობას შევხვდები, ასევე, მოვინახულებ უკრაინიდან მოლდოვაში გაქცეულ ადამიანებს. ჩვენ უნდა გვქონდეს დაუყოვნებლივი რეაქცია. ევროპამ უნდა გაიღვიძოს, უსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს, ეს უნდა მოხდეს კოორდინირებულად. რუსეთში მიიჩნევენ, რომ ჩვენი დახმარება უკრაინისთვის არის მტრული ქმედება. ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ უკრაინას არამედ, მთელი მსოფლიო სტაბილურობას. ან ჩვენ გადავახდევინებთ რუსეთს მძიმე საფასურს, ან თავად ჩვენ მოგვიწვეს უფრო დიდი საფასურის გადახდა," - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.