16 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
უმოწყალო დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მიუღებელია და ჩვენ ამის უმძიმესი გამოცდილება გვაქვს, ფაქტობრივად ვცხოვრობთ ოკუპანტებთან ერთად - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ის, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, გამოწვეულია იმ საშიშროებით, რასაც საოკუპაციო ჯარები ქვეყანაში ყოფნით ქმნიან.

მისივე თქმით, რუსულ ჯარს აქვს შესაძლებლობა, რომ დამატებითი ძალების მობილიზების გარეშე, მხოლოდ საქართველოში მყოფი ძალებით მოახდინონ ქვეყნის პარალიზება. 

"უმოწყალო დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მართლაც მიუღებელია, წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ასეთ სურათს ვუყურებდეთ და ჩვენ ამის უმძიმესი გამოცდილება გვაქვს, ჩვენ ფაქტობრივად ვცხოვრობთ ოკუპანტებთან ერთად.
 
მე არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც არის, მაგალითად, ევროკავშირის თუ ნატოს წევრი, მათ აქვთ ევროკავშირისა და ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია და რაც ჩვენ დაუცველს გვხდის იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც მოდის სწორედ საოკუპაციო ჯარების საქართველოში ბაზირებით, ძალიან ახლოს არიან საქართველოს დედაქალაქიდან, სულ რაღაც 30-40 კილომეტრში, მათ არ სჭირდებათ არანაირი დამატებითი მობილიზაცია, თვეობით ჯარების გადმოსროლა რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიებიდან. მათ აქვთ სრულიად საკმარისი შესაძლებლობა, რომ რამდენიმე საათში პარალიზება გაუკეთონ სრულიად საქართველოს.
 
იმ ფონზე, რა დაძაბულობაცაა უკრაინაში, იმ დაბომბვების ფონზე, როგორ შეიძლება პასუხისმგებლობიან ხელისუფლებას, პრემიერს, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არ აღელვებდეს და არ წუხდეს ამაზე და აქედან გამომდინარე არ იყოს მოტივირებული ის პრაგმატული ნაბიჯები, რომელიც არის სრულ თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან," - აცხადებს დავით ზალკალიანი. 
 
დღის ამბები