საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით უზრუნველყოფს. თუმცა, მისივე თქმით, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობენ.
"საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენს სახელისუფლებო პროგრამაში ჩადებულია, რომ 2024 წელს უნდა გავაკეთოთ განაცხადი წევრობაზე და ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამაზეა მორგებული მთლიანად ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები.
რა თქმა უნდა, გვესმის უკრაინელი ძმების, რომლებმაც ამ სიტუაციაში, როდესაც იმყოფებიან დაბომბვის ქვეშ და არის მიმდინარე აგრესია, ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მათი სოლიდარულები ვართ და, ამავე დროს, ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.
როდესაც გუშინ საუბარი მქონდა ბატონ ბორელთან, არამარტო უსაფრთხოების გამოწვევებზე მქონდა საუბარი, არამედ საქართველოს შესაძლო ევროპულ პერსპექტივაზე, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გუშინ ევროკავშირის საკითხებში გაფართოების კომისართან საუბარი და მისი საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სწორედ ასოცირებული ტრიო - მოლდოვა საქართველო და უკრაინა და ჩვენი ევროპული პერსპექტივის თემა. ამაზე ვსაუბრობთ, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ.
მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან," - აცხადებს ზალკალიანი.