05 სექტემბერი 2026,   19:21
ვრცლად
დაბომბილი ხარკოვის პირველი ვიდეოკადრები - როგორ გამოიყურება ქალაქი უმძიმესი ღამის შემდეგ

დაბომბილი ხარკოვის პირველი ვიდეო-კადრები - როგორ გამოიყურება ქალაქი უმძიმესი ღამის შემდეგ. რუსი ოკუპანტების საჰაერო იერიშის მთავარი სამიზნე ყაზარმები და სამხედრო ჰოსპიტალი იყო.

ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებსაც. ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე ადგილას ამ წუთებშიც ცდილობენ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რუსულმა მხარემ ხარკოვში დესანტი გადასხა და ღამით ქალაქში რუს სამხედროებსა და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. ხარკოვიდან დილიდან გაყავთ უცხოელი სტუდენტები.

ქალაქ ხერსონის რუსული ძალების მიერ დაკავების შესახებ იუწყება BBC. რუსეთის ჯარებმა რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს. გამოცემის ცნობით, ქალაქში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია და ქალაქის მერი დაჭრილების ევაკუაციას ითხოვს. ვრცელდება ინფორმაცია დაახლოებით 200 ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში ვითარებას უკრაინელები აკონტროლებენ და თავიანთ პოზიციებზე რჩებიან. ღამით ქალაქზე რუსეთის ძალებმა იერიშები მიიტანეს. დაბომბეს ქალაქის ცენტრი, აფეთქებების ხმა ისევ ისმის. 

სუმის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსებმა დაიკავეს ქალაქი ტროსტ-იანეციც.

საჰაერო თავდასხმა იყო ქალაქ ჟიტომირში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსსაც - მის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსებმა საცხოვრებელ სახლებზე იერიში მიიტანეს ქალაქ ბოროდიანკაში, რომელიც კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

5 ადამიანი ემსხვერპლა და ამდენივე დაიჭრა კიევის ტელეანძის დაბომბვას. უკრაინულ ტელეარხერბზე ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ასახულია როგორ დაეცა ბომბი ტელეანძასთან მდებარე შენობას.

ბელარუსის პრეზიდენტი უკრაინის საზღვართან სამხედროების რაოდენობის გაორმაგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კიევი არ გამორიცხავს, რო ომში მინსკი, როგორც "რუსეთის სატელიტი" ჩაერთოს.

კიევში კი ამ წუთებში კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმის. უკრაინული მედია ამბობს, რომ რუსეთის ძალები დედაქალაქის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან დასაბლოკად შეტევის გაგრძელებას გორენიჩთან, გოსტომელსა და დემიდოვთან ცდილობენ.

დღის ამბები