უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთმა ქალაქების დაპყრობა ხმელეთით ვერ შეძლო, ახლა კი საჰაერო იერიშებს ყველა მიმართულებით ისვრიან, დაბომბა ინტენსიურად გრძელდება.
"რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა. მან ვერ შეძლო ჩვენი ქალაქების დაპყრობა ხმელეთით და ახლა მათ დაიწყეს ჩვენი ქალაქების განურჩეველი დაბომბვა. ჩვენ გავუნადგურეთ მათ იარაღი. მათ სურთ მეომრების ნებისყოფის გატეხვა, დაბომბვა ინტენსიურად გრძელდება, თუმცა ჩვენ მათ დიდი საფასურს გადავახდევინებთ. ქალაქების მცხოვრებლები მეომრების გვერდით იბრძვიან მამაცურად და სიცოცხლეს წირავენ, მტერს ტანკებს უნადგურებენ და არ აძლევენ მათ ქალაქების აღების საშუალებას. უკრაინის არც ერთი დიდი ქალაქი არ დაეცა. ეს რუსეთისთვის დიდი მარცხია," - ამბობს დმიტრო კულება.
ხარკოვში, რომელიც საჰაერო იერიშის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო - სროლებისა და აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის. ყაზარმებისა და სამხედრო ჰოსპიტალის გარდა ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებს; იწვის არაერთი უმაღლესი სასწავლებლის შენობა. ხარკოვიდან დილიდან ხდება უცხოელი სტუდენტების ევაკუაცია. დასტურდება ინფორმაცია ხარკოვში რუსი დესანტის გადასხმისა და ღამით ქალაქში ბრძოლების შესახებ.
ქალაქ ხერსონის რუსული ძალების მიერ დაკავების შესახებ იუწყება BBC. რუსეთი ჯარები დგანან რკინიგზის სადგურსა და მდინარის პორტშიც. ქალაქში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია. ვრცელდება ინფორმაცია დაახლოებით 200 ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის იერიშის მიუხედავად მარიუპოლში ვითარებას უკრაინელები აკონტროლებენ და თავიანთ პოზიციებზე რჩებიან.