პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, "ფრანს-24-ის" სტუდიაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ომზე და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.
რუსეთის პრეზიდენტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა უსმენდნენ არა პუტინის სიტყვებს, არამედ უყურებდნენ, რას აკეთებს ის.
"პუტინმა უნდა იგრძნოს, რომ ევროპა ერთიანია და მან ვერ გათვალა, როგორი მტკიცე იქნებოდა პირველ რიგში უკრაინელების და შემდეგ ევროპის რეაქცია.
არავინ ზრდის ესკალაციას, პუტინის გარდა. პუტინი, იმიტომაც გახდა პუტინი, რომ დასავლეთი თავს იბოჭავდა მასთან ურთიერთობაში, რომ არაფერი ჩაედინა, რასაც მისი პროვოცირება შეეძლო.
ჩვენ, დასავლეთს, არ უნდა გვქონდეს კომპლექსი. ამ შემთხვევაში არაფრის პროვოცირება არ მომხდარა. ერთია რასაც პუტინი ფიქრობს, მაგრამ მან რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი- ევროკავშირის წევრობა არავისთვისაა საფრთხე, და არც NATO-ს წევრობა. საქართველოში რუსეთი უკვე შემოჭრილია და ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიები, და ამას არ შეუცვლია ჩვენი სურვილი, შევუერთდეთ ევროპულ სტრუქტურებს, მათ შორის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, და ეს ჩვენი სურვილი ჩაბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში და ასევე, ხალხის გულებში, რომლებიც თავს თვლიან უფრო ევროპელებად, ვიდრე თავად ევროპელები, ხანდახან,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
წამყვანი, ასევე, დაინტერესდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველო უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით და არ არის დარწმუნებული, რომ მსგავსი სანქციების გატარებას შეძლებდა ქვეყანა.
"პირველ რიგში, არ ვიცი რატომ გააკეთა ეს განცხადება. ვფიქრობ, რომ ასე არც დგას საკითხი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისეთი ტიპის სანქციების გატარებას შევძლებდით, რომელსაც მართლაც ექნებოდა აზრი ამ ეტაპზე. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთი სახის განცხადებას დღეს რაიმე აზრი აქვს - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სახის განცხადებას არ გავაკეთებდი. ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანია და რასაც ყველა ელის საქართველოსგან ეს ღია სოლიდარობაა, ამიტომ ვარ აქ, ამას ვუდასტურებ პრეზიდენტ ზელენსკის, ამას ადასტურებს ქართველი მოსახლეობა. ეს არის მესიჯი, რომლის აქ მოტანაც მინდა - ჩვენ უკრაინას აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებთ,"-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.