06 სექტემბერი 2026,   17:44
ვრცლად
მძიმე ბრძოლების მიუხედავად, ოკუპანტებმა ქალაქი ხერსონი ვერ აიღეს​ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინა ხერსონის დაცემას უარყოფს - ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ოკუპანტებმა ქალაქი ხერსონი ვერ აიღეს. ქალაქების დასაცავად უკრაინულ ჯართან ერთად ჩართულია მოსახლეობაც. 

ქალაქ ზაპოროჟიეს კი, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსული არმია მიადგა, თუმცა ადგილობრივებმა ბარიკადები ააშენეს და თავადაც გამოვიდნენ ქუჩაში. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს ოკუპანტებს გაუმკლავდეს. მოქალაქეებმა გადაკეტეს ქალაქისკენ მიმავალი გზა, საიდანაც რუსული საოკუპაციო ძალები უნდა შესულიყვნენ.

ახლა ყველა მოლაპარაკებების მეორე რაუნდს ელოდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის დელეგაცია ბელარუსის საზღვართან მიემგზავრება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინული და ოკუპანტი რუსების წარმომადგენლები.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკვე ყველაფერი მზად არის. კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინული მხარე დათანხმდება ვლადიმერ პუტინის პირობებს.

უკრაინის ხელისუფლებისთვის კი ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია. 

დღის ამბები