თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისი მზადაა შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები. ამასთან, კალაძის განცხადებით, შეირჩა კონკრეტული ადგილი, სადაც მობილიზდება ჰუმანიტარული პროდუქტი უკრაინაში გასაგზავნად.
"უკრაინისთვის განსაკუთრებით ძნელბედობის ჟამს ჩვენ ყველანი ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, სოლიდარობას.
ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება თანადგომა და მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ. ჩვენი სახელმწიფო ომის პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში ასევე გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. უამრავი რიგითი მოქალაქე ეხმარება ჩვენ უკრაინელ მეგობრებს.
თბილისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია გამოთქვა მზაობა შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან. ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული პროდუქტების მობილიზება, რომელიც შემდგომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გაიგზავნება," - განაცხადა კახა კალაძემ.