28 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
ეს დოკუმენტი მხოლოდ განაცხადად რომ არ დარჩეს, საჭიროა რეფორმები და კანონის უზენაესობა - ხატია დეკანოიძე

განაცხადი ხელმოწერილია - უკრაინის კვალდაკვალ, საქართველომ ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. განაცხადი 2022 წლის 3 მარტით თარიღდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუცილებელია რეფორმების განხორციელებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი განაცხადად დარჩება.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს განაცხადი არ დარჩეს მხოლოდ განაცხადად. რეფორმები და, პირველ რიგში, ყველა ის მოთხოვნა, დაყენებული იყო თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებით და ასევე მიშელის დოკუმენტში, ეს არის თავისუფალი არჩევნები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს რეფორმა, არის უმნიშვნელოვანესი,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებაც და პოლიტიკური სპექტრიც უნდა გაერთიანდეს. 

"ახლა როგორც არასდროს ისეა მნიშვნელოვანი საზოგადოების გაერთიანება და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია. ახლა არ არის იმისი დრო ეს ვისი დამსახურება იყო, ჩემი პირადი შეფასებით, ეს იყო ხალხის დამსახურება. რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი და არავის არ აქვს უფლება, ეს პროცესი დააზიანოს,"- აცხადებს ბუჩუკური.

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ საკითხში ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში. 

"საქართველოსთვის ეპოქალური პროცესის დასაწყისის გამომხატველი იყო გუშინდელი დღე. უკლებლივ ყველა უნდა ვიყოთ ამ ფაქტით კმაყოფილი და კარგად უნდა გვაცნობიერებინებდეს მნიშვნელობას ამ მოქმედებისა და სამომავლო პროცესებისა, უკლებლივ ყველას მოვალეობა იქნება, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და ნაცვლად დესტრუქციისა, ორიენტირებულები უნდა იყვნენ კონსტრუქციულად თანამშრომლობისთვის,"- აცხადებს "ქართული ოცნები" წევრი მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები