საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, თბილისში კი პოლიტიკური ურთიერთბრალდებები გრძელდება. კამათი იყო ბიუროს სხდომაზე, სადაც უმრავლესობამ ოპონენტების მისამართით ახალი ბრალდებები გააჟღერა. უფრო კონკრეტულად საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ცდილობს ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ხელის შეშლას, რასაც საკმაოდ კრიტიკული დისკუსია მოჰყვა.
მმართველი გუნდის წევრებმა ერთ-ერთ ონლაინ მედიასაშულებაში - "კვირა.ჯი-ზე" გამოქვეყნებულ მასალაზე ისაბურეს, სადაც მათი თქმით, წერია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლას ცდილობენ.
"კვირა.ჯი-ს" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აგროვებენ თანხას, რომ უცხოელ ლობისტებთან და პიარის კონკრეტულ წარმომადგენლებთან ერთად იმუშაონ, რომ ევროკავშირის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული გახდეს სანქციებსა და სხვა პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში და მათი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს რეალიზებული არ იქნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში,"- აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ - ხატია დეკანოიძემ კი განაცხადა, რომ ეს პროვოკაციაა, რომელსაც ის არ წამოეგება და განმარტა, რომ ის, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის, მისი პირადი მტერი გახდება:
"მე ამ პროვოკაციას არ წამოვეგები. ჩემთვის ჩემი ქვეყანა გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე რაღაც ყვითელი პრესის მიერ გამოტანილი ბინძური ინფორმაცია. ვინც იმას იკადრებს, რომ რაიმე სახით ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას, ის იქნება ჩემი პირადი მტერი,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ გამოცემის მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, უკვე არის რეალიზებაში მოყვანილი გეგმა, რომელსაც პუნქტობრივად მიყვებიან და ასრულებენ არამხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
"დღეს კიდევ გამოქვეყნდა ინფორმაცია ამავე წყაროთი, საიდანაც ვიგებთ, რომ თურმე დიდი ფული გამოყვეს, მილიონნახევარ დოლარზეა საუბარი - იმისათვის, რომ ლობისტებმა იმუშაონ კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ. ან არ მიეწეროს ამ პარტია პოზიტივი თუ ეს მოხდა ევროინტეგრაციასთან მიმართებით, ან არ მოხდეს, თუ ამ პარტიას უნდა მიეწეროს. ვნახავ მალე რეაქციებს ამ დღეებში და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, თუ ეს დადასტურდება,"- აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციის სხვა ნაწილში კი ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ის დააბრალოს ოპოზიციას, რასაც თავად ვერ აკეთებენ.
"ეს 10 წელი მათ გაფლანგეს და ნაცვლად იმისა, რომ მათ ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვანი რეფორმები გაეტარებინათ, ეს დრო საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებას და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას დაუთმეს,"- ამბობს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი.