27 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
"რუსთავი 2" პირველი ქართული არხია, რომელიც დაბომბილ ქალაქში შევიდა - ჟიტომირი 9 დღის მანძილზე ინტენსიურად იბომბება

პირველი ქართული არხი, რომელიც დღეს დილით დაბომბილ ქალაქში შევიდა, "რუსთავი 2-ია". ჟიტომირი 9 დღის მანძილზე ინტენსიურად იბომბება რუსეთის დღევანდელი სარაკეტო იერიშის შედეგად ჟიტომირში განადგურებულია სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გადამწვარი საავადმყოფოს გვერდით მდებარეობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟიტომირი მასირებული შეტევის სამიზნეა. ქალაქი მთელი ერთი კვირის განმავლობაში იბომბება. 

რამდენიმე დღის წინ კი, რუსეთმა საცხოვრებელ სახლებზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც ნანგრევებში ათეულობით ადამიანი მოყვა.

ახლა იქ ყველა უცხოს სამხედროებისა და პოლიციის გარდა ადგილობრივებიც ამოწმებენ.

ჟიტომირში განგაშის ხმა "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის ყოფნის დროსაც ისმოდა. ქალაქს უკვე გამოცდილი აქვს ოკუპაცია, ოღონდ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ადგილობრივები პარტიზანული მოძრაობებით ებრძოდნენ ფაშისტებს.

რუსული აგრესია არ ინდობს მშვიდობიან მოსახლეობას. დილით მათ სკოლა დაბომბეს. შენობაში მყოფებმა თავის შეფარება მოასწრეს და იერიშს მსხვერპლი არ ჰყოლია, თუმცა განადგურდა სასწავლებელი. აფეთქების შემდეგ კი მოსახლეობა ისევ გამოვიდა ქუჩებში, ცდილობენ გადარჩენილი ინვენტარის შენობიდან გამოტანას, დგანან ერთად მაშინაც, როდესაც დროებითი სიმშვიდეა და ერთად ასუფთავებენ მშობლიურ ქალაქს ნამსხვრევებისგან.

დარტყმები ხშირად სამოქალაქო ობიექტებზე მოდის. აგრესორი არ ინდობს ბავშვებს, ქალებს მოხუცებს, მათ საცხოვრებელი სახლების გარეშე ქუჩაში ტოვებს. ყველაზე ტრაგიკულ დროს ქალაქის თავზე გადაფრენილი ჩიტების გუნდი არის სიცოცხლის სიმბოლო, გადარჩენის სურვილი. აქ ყველას სჯერა, რომ გაიმარჯვებენ, რუსი აგრესორები კი წავლენ იქ, სადაც უკრაინელებმა მათი ხომალდი უკვე გაუშვეს.

 

დღის ამბები