ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პროცესი დღეს ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი კავილაძის დაკითხვით განახლდება.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, როცა მან მკვლელობაში მონაწილეობა უარყო.
კავილაძემ წინა სხდომებზე განაცხადა, რომ თუ შეესწრებოდა კვარაცხელიას მკვლელობას თუნდაც, სხვა პირის მიერ, ის არც იმ შემთხვევაში განაცხადებდა პოლიციაში.
"კვლავ გაგრძელდა იმ სიცრუის ტირაჟირება, რასაც აქამდე ახდენდა ბრალდებული, შესაბამისად მან სასამართლო არასწორი ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც შემდგომში უკვე დადასტურდება საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით. მან მხოლოდ დაადასტურა, რომ შეესწრო მკვლელობის ფაქტს და უარყო მასთან რაიმე ფორმით კავშირის ქონა," - განაცხადა პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა.
შეგახსენებთ რომ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.