07 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
"უკრაინული გამბიტი პუტინის სტრატეგიული მარცხი იქნება, მისი მადა ჭამაში მხოლოდ იზრდება" - ვიქტორია ნულანდი

რა ნაბიჯებს დგამს შეერთებული შტატები იმისთვის, რომ პუტინის აგრესიის შემთხვევაში, საქართველომ თავის დაცვა შეძლოს - კითხვა შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კონგრესში დაუსვეს. ვიქტორია ნულანდს, სენატორებმა ამ კვირაში უკვე მეორედ მოუსმინეს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში საქართველოს და მოლდოვას საკითხითაც დაინტერესდნენ. კითხვები დაისვა უკრაინის შეიარაღებასა და კრიპტოვალუტის რეგულაციებზეც, რათა პუტინმა და მისმა ოლიგარქებმა სანქციებისთვის თავის არიდება ვერ შეძლონ.

გუშინ გვიან საღამოს სხდომა დახურული იყო, დღეს კი, საჯარო მოსმენაზე, ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს კრიტიკის მოსმენა მოუხდა. განსაკუთრებით მწვავე გამოსვლა ჰქონდა ტედ კრუზს, რომელიც ჯერ კიდევ იმ დროს სთხოვდა დაჟინებით ადმინისტრაციას, "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ისთვის" სანქციები დაედო, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

"ჩვენ აქ ვსხედვართ და ვუყურებთ 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდ სამხედრო კონფლიქტს. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს ომი, ჩემი აზრით, პრეზიდენტ ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის არაერთი შეცდომის პირდაპირი შედეგია. განსაკუთრებით, ორ შეცდომას აღვნიშნავ. პირველი - ავღანეთიდან კატასტროფული გამოსვლა და თალიბანთან დანებება, რამაც ჩვენი მტრები მთელს მსოფლიოში გაათამამა და მეორე - რუსეთთან დაკავშირებით. მე და თქვენ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ზე ვილაპარაკეთ. პრეზიდენტმა ბაიდენმა დაუთმო პუტინს მილსადენთან დაკავშირებით და კონგრესის მიერ დამტკიცებული სანქციები არ დაუწესა. იმ დროს უკრაინელებმა გვითხრეს, რომ თუ ამას გავაკეთებდით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. იგივე გვითხრა პოლონეთმა. მეც გითხარით ადმინისტრაციას და ამ კომიტეტის წევრებს, რომ კიევის ქუჩებში ტანკებს ვნახავდით," - აცხადებს სენატორი ტეხასის შტატიდან ტედ კრუზი.

კომიტეტის სხდომაზე ბენ კარდინმა იკითხა, რას აკეთებს ადმინისტრაცია საქართველოს და მოლდოვის დასაცავად. იმ საფრთხიდან გამომდინარე, რომ პუტინმა შესაძლოა აგრესია ამ ქვეყნებში გააგრძელოს. სენატორმა ეს შეკითხვა იმ მოხსენების საპასუხოდ დასვა, რომელშიც ნულანდმა დეტალურად ახსნა, თუ როგორ სურდა ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა და როგორ არ მიაჩნდა მას უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

"მინდა მოლდოვას და საქართველოს შევეხო. რომ არა უკრაინის წინააღმდეგობა და ბატონ პუტინს რომ შეძლებოდა, უკრაინას მის მიერ დაგეგმილ დროში აღება, იარსებებდა რეალური წუხილი, რომ პუტინს, შესაძლოა, გზა ნატოს არაწევრი მოლდოვის და საქართველოს მიმართულებით გაეგრძელებინა. რა ნაბიჯებს ვდგამთ დღეს მოლდოვის და საქართველოს დასახმარებლად, იქიდან გამომდინარე, რომ თუ გარემოება შეიცვალა და პუტინი დაიჯერებს, რომ შეუძლია, მათ საზღვრებზე გადასვლისგან უკან არ დაიხევს. მით უმეტეს, უკვე მოლდოვასა და საქართველოშია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სადაო არ არის, მაგრამ მას სადაოდ მიაჩნია. რა ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს ქვეყნები თავს დაიცავენ, თუ პუტინი ამ ქვეყნებში უფრი აგრესიულად იმოქმედებს?," - ამბობს სენატორი მერილენდის შტატიდან ბენ კარდინი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, პუტინი არ ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მის შინაგან გონებას ყველა ხედავს.

"ის, რეალურად, არ ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ყველა ხედავს მის შინაგან გონებას. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს უკრაინული გამბიტი პუტინის სტრატეგიული მარცხი იქნება. მისი მადა ჭამაში მხოლოდ იზრდება.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც იცით, მათთან გვაქვს უსაფრთხოების სფეროში ხანგრძლივი ურთიერთობები და ისინი მუდმივად ახდენდნენ კონტრიბუციას NATO-ს სხვადასხვა ოპერაციასა და წვრთნებში. წლების განმავლობაში მიღებული აქვთ უამრავი ამერიკული სამხედრო წვრთნა და აღჭურვილობა და ეს პროგრამა გაძლიერდა 2008 წელს საქართველოში პრეზიდენტ პუტინის შეჭრის შემდეგ. ეს ურთიერთობა მტკიცეა და გრძელდება," - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი.

სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ეკითხებოდნენ იმ შეფერხებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლონეთის საკუთრებაში არსებული "მიგ-29" თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის საკითხში შეიქმნა. პოლონეთმა განაცხადა, რომ მის ავიაციას გერმანიაში რამშტაინის ბაზაზე გადაიყვანდა და უკრაინისთვის მისაწოდებლად ამერიკელებს გადასცემდა. ნულანდმა თქვა, რომ ეს შეთავაზება მისთვის სიურპრიზი იყო. დღეს საღამოს პენტაგონმა განაცხადა, რომ ვარშავის შეთავაზება გარკვეულ სირთულეებს აჩენს. გამანადგურებლების NATO-ს ბაზიდან აფრენა და უკრაინის საჰაერო სივრცეში შესვლა, როგორც პენტაგონი ამბობს, ალიანსის წუხილს იწვევს.

დღეს სენატში ნულანდს უთხრეს, რომ თვითმფრინავების გადაცემაზე მტკიცე ორპარტიული თანხმობაა და ადმინისტრაციამ დრო არ უნდა დაკარგოს.

"იღებთ თუ არა ვალდებულებას, რომ გააკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა ეს მოგვარდეს? ადმინისტრაციის ზოგიერთმა წევრმა მითხრა, რომ ამან შეიძლება პუტინი გააგიჟოს. ის მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა, უდანაშაულო ხალხს კლავს და მას ყველაფერი აგიჟებს: სანქციები, ჯაველინები, სტინგერები. უკრაინელებს ეს თვითმფრინავები ძალიან სჭირდებათ" - აცხადებს სენატორი ოჰაიოდან რობ პორტმანი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის თქმით, ორპარტიულ შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმფრინავები უკრაინაში უნდა ჩავიდნენ, კომიტეტს გადასცემს.

"გუშინაც შეგპირდით, რომ მე გადავცემ ამ კომიტეტის ძლიერ, ორპარტიულ შეხედულებას, რომ ეს თვითმფრინავები უკრაინაში უნდა ჩავიდნენ. რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი. განსხვავებული შეხედულებებია მოკავშირეებს შორის და ადმინისტრაციაშიც," - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც კონგრესი ითხოვს, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეგულაციებია, რათა რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა სანქციებს თავი ვერ აარიდონ. ვიქტორია ნულანდმა თქვა, რომ ამერიკასაც აქვს საშუალებები და ამ კუთხით უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები ევროპელ მოკავშირეებთანაც.

დღის ამბები