29 აგვისტო 2026,   19:30
ვრცლად
"მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ რამდენიმე ახალი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე" - უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრი

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ 21:00 საათამდე საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ 6 ჰუმანიტარული დერეფნით მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ამის შესახებ დღეს, 9 მარტს კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა.

მინისტრის ინფორმაციით, დილით რუსეთისგან მიიღეს შეტყობინება, რომ თანახმაა უკრაინისგან შეთავაზებულ მარშრუტებსა და "წითელი ჯვრისთვის" შესაბამისი წერილის გაგზავნაზე. ვერეშჩუკის თანახმად, კიევმა "წითელ ჯვარში" წერილი უკვე გაგზავნა.

"მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ რამდენიმე ახალი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე, ასევე გააგრძელონ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ადრე დამტკიცებული დერეფნების მიხედვით. მხარეებმა დაადასტურეს დერეფნების გახსნა და ე.წ. დუმილის რეჟიმის დაცვა ენერგოდარ-ზაპოროჟიე, სუმი-პოლტავა, მარიუპოლი-ზაპოროჟიე, ვოლნოვახა-პოკროვსკი, იზიუმ-ლოზოვა, ასევე ვორზელის, ბუჩას და ბოროდიანკას მიმართულებებში. ასევე ირპინი, გოსტომელი და კიევი. სამხედროები ცეცხლს 9 მარტს მოსკოვის დროით 9:00 საათიდან 21:00 საათამდე შეწყვეტენ. ჩვენ გვაქვს უარყოფითი გამოცდილება, როდესაც ჩვენ აღებულმა ვალდებულებებმა არ იმუშავა. მაგალითად მარიუპოლი-ზაპოროჟიეს მიმართულება, ისევე როგორც ვოლნოვახა-პოკროვსკი. ვოლნოვახის მცხოვრებლები მთხოვენ, რომ დღეს რუსეთის ფედერაციის დაპირება შესრულდეს და ხალხმა დატოვოს ის ადგილები. რაც შეეხება ვორცელში მდებარე მალიატკოს სახლიდან ბავშვებისა და პერსონალის ევაკუაციის გეგმას - ამ დროისთვის იქ 55 ბავშვი და 25 თანამშრომელი რჩება. ეს არის ცალკე სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდება ბავშვთა სახლის ევაკუაციის მიზნით,"-აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი. 

დღის ამბები