28 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
ახალი რეალობის წინაშე მდგარი ევროპა უსაფრთხოების ახალ ზომებს იღებს - ახალი დატვირთვა შეიძინა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროპულმა პერსპექტივამაც

ევროპა ისევ მსჯელობს. რა ახალი სანქციები დაუწესოს რუსეთის ფედერაციას და რით დაიცვას ის ქვეყნები რომლებზეც პრეტენზია აქვს ვლადიმერ პუტინს. ევროკავშირში დარეგისტრირდა პეტიცია, რომლის მიხედვითაც ევროპის ქვეყნის და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა უნდა გაუქმდეს.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ევროპა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. განახლებული უსაფრთხოების საჭიროებამ შეკრიბა დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტარები. პლენარულ სხდომაზე ევროპელი დეპუტატები ღიად აცხადებენ, რომ ევროპის უსაფრთხოებისათვის მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას დასავლურ პერსპექტივას. ევროპელ კანონმდებლებს ხვდება სტრასბურგში ქართული დელეგაციაც.

რუსეთის შეჭრამ სუვერენულ დამოუკიდებელ უკრაინაში ევროკავშირი სხვა რეალობის წინაშე დააყენა, ევროდეპუტატები ღიად ამბობენ, რომ საჭიროა ახალი ფოკუსი საგარეო პოლიტიკაში და ასევე რეგიონის სტაბილურობისთვის უსაფრთხოების სტრატეგია. ასოცირებული ტრიოს - უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განაცხადმა ევროპულ პერსპექტივაზე, ამ ვითარებაში სხვა დატვირთვა შეიძინა.

ევროპელი პარტნიორები ახლა სხვა რაკურსით უყურებენ ასოცირებული ტრიოს პერსპექტივას - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მაკა ბოჭორიშვილი ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა სტრასბურგში.

"ევროპარლამენტარების მხრიდან გამოხატულია ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. რა თქმა უნდა, არის აბსოლუტური ერთობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, რომ ევროკავშირმა გააგრძელოს ერთად დგომა და ერთად მუშაობა, რათა გაუმკლავდნენ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიმძაფრით დგას ევროკავშირის ახალი გაფართოების საკითხი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ხვალ საღამოს ვერსალში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები არაფორმალურ გარემოში ერთმანეთს შეხვდებიან, გაიმართება სამიტი და არის ინფორმაცია, რომ ლიდერები ასოცირებული ტრიოს პერსპექტივაზეც იმსჯელებენ.

დღის ამბები