ვერსალში ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ ლიდერები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. 5 პუნქტიანი განცხადებიდან ორი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ეხება. ევროპულმა საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მოსაზრებები წარმოადგინოს სამივე ქვეყნის განაცხადების შესახებ.
"ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, უკრაინის მხარდასაჭერად მის ევროპულ გზაზე. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის,"- წერია განცხადებაში.
ევროკავშირის ლიდერებმა ერთობლივად დაგმეს რუსეთის ქმედებები. ისინი ომზე პასუხისმგებლობას რუსეთთან ერთად ბელარუსსაც აკისრებენ და აცხადებენ, რომ თავიანთი დანაშაულისთვის პასუხს აგებენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებენ. ასევე, გამოდიან მოწოდებით უკრაინაში შეუფერხებელი და უსაფრთხო ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობისა და ატომური ობიექტების უსაფრთხოების დაცვისკენ. ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ მზად არიან შემდგომი სანქციების დაწესებისთვისაც და განაგრძობენ პუტინის რეჟიმზე ზეწოლას.
ვერსალში შეხვედრების მეორე რაუნდი რამდენიმე საათში დაიწყება. დღეს ევროპელი ლიდერები თავდაცვის შესაძლებლობების პარალელურად რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებასაც განიხილავენ.
"რუსეთი აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და ეს უმიზეზოდ ხდება. ყველას შეუძლია, ნახოს, რა ხდება უკრაინაში, თუ ტელევიზორს ჩართავს. რუსეთი ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. ასობით დაღუპულია. მათ შორის მოქალაქეები. ორი მილიონი ლტოლვილია. რუსეთი აწარმოებს ისეთივე ომს, როგორც სირიასა და ჩეჩნეთში. უბრალოდ ბომბავს და ანადგურებს ქვეყანას. დღეს ლიდერებმა უნდა ვიმუშაოთ ორი მიმართულებით – პირველი ეს არის ზეწოლის გაზრდა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ეს შეშლილი ომი და შეაჩეროს მოქალაქეთა მკვლელობა. ეს უნდა მოხდეს დიპლომატიური გზით და სანქციების გამოყენებით. მეორე მხრივ კი ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ევროკავშირის მედეგობა, ენერგოდამოუკიდებლობა და სამხედრო შესაძლებლობა და უფრო ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები, რათა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელსაც დღეს რუსეთი წარმოადგენს. პუტინს სჯეროდა, რომ ის დაიპყრობდა უკრაინას – მან ეს ვერ შეძლო, პუტინს სჯეროდა, რომ ჩვენი დაყოფა შეეძლო – მან ესეც ვერ შეძლო, ეგონა, რომ ტრანსატლანტიკურ კავშირს შეასუსტებდა – მან ეს ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეაჩეროს ეს ომი,"-განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით კი, როდესაც საუბარია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, საჭიროა სიფრთხილე და რეგიონული წონასწორობის დაცვა. "ჩვენ განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნებს, და განსაკუთრებით უკრაინას და უკრაინელებს, ამ წუთას სჭირდებათ ძლიერი სიგნალის გაგზავნა, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეგვიძლია კი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის? ვფიქრობ, რომ არა. უნდა დავუხუროთ კარები და ვუთხრათ, რომ არასდროს? ეს არასამართლიანი იქნებოდა. უნდა დავივიწყოთ რეგიონული წონასწორობა? აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ,"-აცხადებს მაკრონი.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით კი, აუცილებელია ასოციაციების შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც უკრაინამ 2017 წელს გააფორმა.
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა არ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ის, რაც წარსულში გადავწყვიტეთ. აუცილებელია ასოციაციების შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც უკრაინამ 2017 წელს გააფორმა. ეს არის კურსი, რომელსაც უნდა გავყვეთ,"- აცხადებს შოლცი.