ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კახეთის რეგიონში ჩავიდა. კელი დეგნანი ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს და სტუდენტებს შეხვდა, მთავარი თემა ამერიკის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება იყო.
მოგვიანებით ელჩმა თელავში "ამერიკის კუთხეც" მოინახულა. ვიზიტის ბოლოს კი კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად საქართველოს პოზიციაზეც ისაუბრა.
"ახლა მნიშვნელოვანია გაერთიანება, საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია სხვადასხვა ფორუმებზე, მათ შორის გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვხედავთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გულუხვობას უკრაინელი ხალხის მიმართ, განსაკუთრებით იმიტომ რომ ქართველებმა კარგად იციან, რას ნიშნავს იყო ომში და რას ნიშნავს გესხმოდნენ თავს, მხოლოდ იმიტომ, რომ გინდა იყო თავისუფალი. ამ ვითარებაში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა. საქართველოში ჩვენ კარგად გამოვცადეთ, რას ნიშნავს პოლარიზაცია და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან," - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.