16 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების რეზოლუციაზე დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების რეზოლუციაზე იმსჯელებენ. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, კონკრეტული შენიშვნები აქვთ.

"ტექსტში სამი მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა აისახოს - ერთის მხრივ, რატომ მოხდა ამ დაჩქარებული რეზოლუციის საჭიროება, რაც უკავშირდება რუსულ აგრესიას, მეორე არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ არა ზოგადად გააგრძელონ ძალისხმევა, არამედ კონკრეტული სამოქმედო გეგმა და დღის წესრიგი შეიქმნას და ბოლო - აუცილებელია, აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, მჭიდრო კოორდინაციაა აუცილებელი საერთო ძალისხმევის გაწევისთვის,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.

რეფორმების აუცილებლობის შესახებ საუბრობენ "ლელოშიც". გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ რეფორმების გარეშე ეს რეზოლუცია უბრალო ფორმალობად დარჩება. 

"ყველაფერი დამოკიდებული "ქართულ ოცნებაზე", მათზეა დამოკიდებული, დაუბრუნდებიან თუ არა ისინი მიშელის შეთანხმებას, ზოგადად, რეფორმისტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ვინაიდან რეფორმის გარეშე არანაირი ევროკავშირის წევრობა არ განხორციელდება. თუ ეს ასე არ მოხდება, ეს რეზოლუცია და ის აპლიკაციაც, რომელიც ევროპის კავშირს ბარდება, სამწუხაროდ, იქნება მხოლოდ ფორმალობა,"-აცხადებს გეგელია. 

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ იმის ფონზე, როდესაც ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭებაზე, ეს რეზოლუცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა დღეს მიიღოს რეზოლუცია, რაც იქნება ერთგვარი გზავნილი როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები