07 მაისი 2024,   18:31
ვრცლად
რა არის საჭირო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად - ოპოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული რეფორმების გატარებას ითხოვს

ვერსალის დეკლარაციის ფონზე, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საქართველოს განაცხადსა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ოპოზიცია რეფორმების დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს. ოპოზიციის ნაწილი, ამ კონტექსტში, სახელმძღვანელოდ შარლ მიშელის შეთანხმებას ასახელებს. 

"ეს არის, ერთის მხრივ, იმ ჩაკეტილი წრის გარღვევა, რომელსაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებს და, მეორეს მხრივ, ეს არის დამატებითი შესაძლებლობა კეთილდღეობის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების. ევროპული პერსპექტივის აღიარება, რომელიც გუშინ ითქვა უკრაინასთან მიმართებაში, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვისაც და მოლდოვისთვისაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ მივიღოთ დადებითი პასუხი. 19 აპრილის შეთანხმების დღის წესრიგი, რომელიც იყო გზა ევროპული მომავლისკენ - მართლმსაჯულების რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის, პოლიტიკური ძალების ერთიანი მუშაობა და ყველა ის რეფორმა, რომელიც აუცილებელია თანხმობის მისაღებად, ეს დღის წესრიგი უნდა შეიქმნას, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში,"- აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.

ამავე აზრზეა "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც, რომელიც ამბობს, რომ აპლიკაციის გაგზავნის კვალდაკვალ, ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება უნდა დაიწყოს. 

"ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორ მიმდინარეობდა სხვა ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში  ეს ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. შეხედეთ, რა ხდებოდა ბალტიისპირეთის თუ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, რომელთა გაწევრიანების პროცესი აუცილებლად გულისხმობს იმ რეფორმების სავალდებულო განხორციელებას, რომელიც გაწერილი იყო შარლ მიშელის დოკუმენტში. ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ახლა, ამ ნაბიჯს, ანუ აპლიკაციას, უნდა მოჰყვეს დაბრუნება შარლ მიშელის დოკუმენტთან, იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც იქ არის გაწერილი. ეს საკმარისი არ იქნება, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე

დღის ამბები