"ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ახლა მთავარია ქვეყანამ შეინარჩუნოს ის კურსი, რომელიც ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული.
"შარლ მიშელის შეთანხმება, მინდა გაგახსენოთ, რომ ეს არ შეეხება მარტო რეფორმებს, იქ მხოლოდ და მხოლოდ ორად ორი რეფორმა იყო, დანარჩენი პუნქტები სულ სხვა თემებს შეეხებოდა. რაც შეეხება ძირითად დოკუმენტს ევროკავშირთან მიმართებაში, რჩება ისევ ასოცირების შეთანხმება და ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც არის სამოქმედო გეგმა. ამ გეგმას გავყვებით. თუ ამასობაში წამოგვეწევა ევროკომისიის რეკომენდაცია და შეფასება, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მაშინ ახალი დოკუმენტი შემუშავდება და იმაზე გავაგრძელებთ მუშაობას. მთავარი ამოცანაა, რომ ის კურსი, რომელიც გვქონდა აღებული, გავაგრძელოთ,"- აცხადებს სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ
ევროკავშირის საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ წარადგინოს საკუთარი მოსაზრება - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ვერსალში სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.