07 მაისი 2024,   12:12
ვრცლად
ყოველთვის გამოვირჩეოდით ტოლერანტობით, რის გამოც ჩვენი ქვეყანა არის ტურისტულად საინტერესო საერთაშორისო მასშტაბით - ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, განიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები, დარგის განვითარების სამთავრობო ხედვა, სამომავლო გეგმები და პროფილურ ბიზნესთან უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტურისტული სექტორის პასუხისმგებლობაზეც.

"ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ჩვენი ტოლერანტობით, უსაფრთხოებით და ეს იყო საქართველოს ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი, რის გამოც ჩვენი ქვეყანა არის ტურისტულად საინტერესო, როგორც რეგიონისთვის, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ვისაუბრეთ, რომ ამ მონაპოვარს სჭირდება გაფრთხილება," - აღნიშნა მინისტრმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომუნიკაცია სამინისტროს ადმინისტრაციასა და ტურიზმის სექტორში წარმოდგენილ კერძო სექტორს შორის გაგრძელდება.

 

დღის ამბები