16 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზეც, NATO-ს მოქალაქეების სახლებსაც დაეცემა - ზელენსკი ალიანსს აფრთხილებს

"ჩვენ ახლა გავდივართ ყველაზე საშინელ გამოცდას ჩვენს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში. უნდა გავმაგრდეთ, უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ გავიმარჯვებთ," - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა გვიან ღამით საკუთარ ხალხს. აქვე ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ნატოს უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდა და შეახსენა დასავლეთს, თუ რა არის მოსალოდნელი რუსეთისგან.

უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებზეც გაამახვილა ყურადღება.

"რუსულმა ავიაციამ და რაკეტებმა ჩვენი ქალაქების დაბომბვა აღმოსავლეთ უკრაინიდან დასავლეთის ჩათვლით განაახლეს. მხოლოდ ლვოვში მათ 30 რაკეტა ჩამოაგდეს. საერთაშორისო მოხალისეების ცენტრის აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 134-მა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. ამ პოლიგონზე არ მიმდინარეობდა პროცესები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციისთვის რაიმე საფრთხის შექმნა შეეძლო. ინციდენტის ადგილიდან NATO-ს საზღვრებამდე მხოლოდ 20 კილომეტრია.

გასულ წელს, NATO-ს ლიდერები მკაცრად გავაფრთხილე, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებსა და სანქციებს არ მიიღებდნენ, ის ომის გზას აირჩევდა. მართლები აღმოვჩნდით! დიდხანს ვსაუბრობდი "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტზეც, რომელიც ევროპას დიდ დარტყმას მიაყენებდა. აქაც მართლები აღმოვჩნდით! ახლა ისევ გაგიმეორებთ - უკრაინის ცის არჩაკეტვა ნიშნავს, რომ რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზეც, NATO-ს მოქალაქეების სახლებს დაეცემა. ეს მხოლოდ დროის საკითხია!

უკრაინული დელეგაციის წევრები რუსეთთან ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენი დელეგაციის წევრებს აქვთ კონკრეტული დავალება და ეს პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაა. ეს იქნება შეხვედრა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ელოდება. მესმის, რომ ეს რთული გზაა, მაგრამ აუცილებელია. მოლაპარაკებებზე უნდა მივიღოთ გარანტიები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც ბუდაპეშტში იყო და ისეთი, როგორიც ჩვენი ქვეყნის ცის ჩაკეტვის საკითხია. მიღებულ შედეგებზე უკრაინელებს უნდა შეეძლოთ იმის თქმა, რომ ეს მუშაობს და გარანტიებიც ნამდვილია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები