16 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
ჩემმა ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი - პრეზიდენტი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ახალი, რეალური შანსი არსებობს, რაზეც მან ევროპაში განხორცილებული ვიზიტებისას ჩატარებულ შეხვედრებზე დაყრდნობით ისაუბრა. 

მისივე თქმით, უკრაინის ომის მიმართ ქართული მხარის მიდგომა სრულიად კონსოლიდირებული უნდა იყოს.

"დღეს წინ გვიდგას ორი საკითხი, რომლებიც ერთად მოქმედებას გვაიძულებენ:  ეს არის, ახლად დასმული ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და უკრაინის მხარდაჭერის და მის ირგვლივ შექმნილი პრობლემატიკა. 

ჩემმა ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი, რეალური მზადყოფნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამ მოცემულობაში კი, აუცილებელი იყო და მაქსიმალურად ვეცადე, პირადი შეხვედრებით, თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით გამემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში, რათა არ გაჩენილიყო იმის ცდუნება, რომ საქართველო ან დაევიწყებინათ, ან სხვა ჭრილში განეხილათ, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა. 

ახლა ყველა მხრიდან ისმის: რა გავაკეთოთ? როგორ გავზარდოთ ჩვენი შანსები? როდის და როგორ?  გიპასუხებთ: ერთიანობა! ერთიანობა და ერთიანობა!

არანაირი დაყოფა და ცალ-ცალკე სირბილი ჩვენს პარტნიორებთან! საჭიროა ერთიანი შეთანხმებული გეგმის მომზადება და წარდგენა, რომელიც შემდეგ არ დაექვემდებარება ანულირებას! პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და პარლამენტი, ყველა პოლიტიკური ძალა, მედია, არასამთავრობოები, რიგითი მოქალაქეები, ყველა ერთი გეგმის ირგვლივ და ერთი მიზნით უნდა გავერთიანდეთ და ვმოქმედებდეთ. ვმუშაობდეთ იმ რეფორმების პაკეტზე, რომლის შესრულება აუცილებელი იქნება თუ სერიოზულად ვხედავთ ჩვენ მომავალს ევროპაში.  ეს იქნება ეროვნული თანხმობის ნამდვილი გამოხატულება, რომლის გარეშეც, აქამდე ევროკავშირში არცერთი ქვეყანა გაწევრიანებულა

ასევე, უკრაინის ომის მიმართ ჩვენი მიდგომა სრულიად კონსოლიდირებული უნდა იყოს, არ შეიძლება ვინმეს, მოყვასსა თუ მტერს, ეჭვი გაუჩნდეს, რომ ჩვენ ესოდენ ეგზისტენციალური ყოფნა არ ყოფნის საკითხზე ვერ ვთანხმდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ბევრად საღად აზროვნებს და მისი კონსოლიდაცია შესაძლებელია. ნათელია, რომ ქვეყანა, რომელიც ისტორიულად დამოუკიდებლობის დაცვის და უთანასწორო ომების სამაგალითო მემკვიდრეა, მორალურად უკრაინის მხარეს  დგას. ასევე, ნათელია, როგორც ამერიკის სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა თავად ახსნა, რომ არ შეიძლება ვინმეს არ ესმოდეს რა განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია და საოკუპაციო ხაზი დედაქალაქიდან 40 კმ-ში გადის. 

ჩვენი გზა ხომ ერთია: პრინციპული, თუმცა გონივრული, არც კონფრონტაციისკენ პროვოცირება, არც წინსწრებით დათმობის და ზედმეტი სიფრთხილის ბუნდოვანი პოლიტიკა. თუკი, ეს ხაზი გახდება ჩვენი გამაერთიანებელი, ადვილი იქნება ამ ჭრილში განვიხილოთ ყველა სენსიტიური საკითხი, სანქციები თუ სხვა. ერთი მხრივ, აუცილებელია სიფრთხილე, გამომდინარე ოკუპაციიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან. მეორე მხრივ კი, მოითხოვს მოვიქცეთ, უკრაინის მეგობრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის შესაფერისად. სენსიტიური საკითხია ქვეყანაში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც არ უნდა გახდეს არც ჩვენი დაყოფის, არც ქვეყნის რეპუტაციის შელახვის და არც პანიკის მიზეზი. აქაც უნდა შევინარჩუნოთ დაბალანსებული პოზიცია. ამ მხრივ, დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებენ ნაცვლად ამისა, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ სამოქალაქო წესრიგი სათანადოდაა უზრუნველყოფილი, როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყანაში.

დღის ამბები