პრეზიდენტი სალომე ზირაბიშვილი დღეს პარლამენტში საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად მივიდა. სხდომის დასრულების შემდეგ ანდრეი კასიანოვმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთ რთულ დღეებში უკრაინა მადლიერია ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.
უკრაინის ელჩის დროებითმა მრჩეველმა საქართველოში ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს ყველა ქვეყანა უკლებლივ უნდა შეუერთდეს.
"დღეს უკრაინა მადლიერია ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის ასეთ რთულ დღეებში. საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო უკრაინის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ქართველი ხალხი კი ყოველდღე გამოხატავს თავის სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. უკრაინელები გრძნობენ ამ მხარდაჭერას.
იმედი გვაქვს, რომ ეს მხარდაჭერა შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდება. მტერი აგრძელებს ადამიანების ხოცვას, მტერი კვლავ ახორციელებს ომის დანაშაულებებს მშვიდობიან მოქალაქეების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაცია ახლა იზოლირებულია, სანქციები კი საკმარისი არ იქნება იქამდე, სანამ მტერი უდანაშაულო მოსახლეობას გვიხოცავს.
ჩვენ მეტი სანქციები გვინდა, ჩვენ გვინდა სანქციები ყველასგან გამონაკლისის გარეშე. დღეს მსოფლიო თუ არ დაგვეხმარება მაშინ რუსეთი ხვალ თქვენთანაც მოვა.
თქვენ ქართველებმა ყველაზე კარგად იცით და გახსოვთ რას ნიშნავს ეს ტანჯვა, ლტოლვილები და ოკუპირებული ტერიტორიები. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს," - განაცხადა უკრაინის ელჩის დროებითმა მრჩეველმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა.
პრეზიდენტის გამოსვლას დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.