07 მაისი 2024,   19:00
ვრცლად
"თქვენი გამოსვლის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", მათი ტელევიზიები, ზნეს შეიცვლიან და სხვაგვარად ილაპარაკებენ?! - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის კრიტიკას მმართველი გუნდის მიმართ პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხა.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ერთობა, რაზეც პრეზიდენტმა გააკეთა აქცენტი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში, მართლაც უმნიშვნელოვანესია, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ამ ერთობას ოპოზიციასთან მიმართებაში სკეპტიკურად უყურებს.

"ბევრი საკითხი იყო, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით. ერთიანობისა და ერთობის მოწოდება არის ძალიან კარგი, თუმცა, ამას აქვს საკმაოდ სკეპტიკური მხარეც. იმიტომ, რომ მეორე მხრივ, ჩვენ დღეს საქართველოში ჰიბრიდულ ომს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებს ვხედავთ. სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს. თქვენი გამოსვლის შემდეგ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი, მათი ტელევიზიები ზნეს შეიცვლიან და სხვაგვარად ილაპარაკებენ? აღარ დასვამენ შეკითხვას ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის წინაშე უკიდურესად დამაზიანებელს, რაც თქვენც აღნიშნეთ? აღარ გამოვა მათი ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც დარბაზში დღეს საერთოდ არ იმყოფება და აღარ იტყვის ისეთ რაღაცას, რაც გაუგონარია და არ შეიძლება ადამიანმა, რომც გაიფიქრო, თქვა შენი ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ? თქვა, რომ საქართველო უკრაინაში ადამიანების მკვლელობას უწყობს ხელს და შავ ხვრელებს ეძებს პუტინის დასახმარებლად? ამას აღარ იკადრებენ? ამისი რაიმე სახის, თუნდაც, 1%-იანი გარანტია გვაქვს? არ გვაქვს სამწუხაროდ! თქვენ ჩვენ გაგვაკრიტიკეთ, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რაღაც ტერმინებს ვიყენებთ, თუმცა, თქვენვე ბრძანეთ მათი მისამართით ასეთივე ფრაზა - "თქვენ ჩადიხართ და ძირს უთხრით". თუ ეს არ არის ღალატი და საკუთარი ქვეყნის მტრობა, მაშინ რა დავარქვათ იმას, რომ ისინი მართლა ჩადიან და ძირს უთხრიან საქართველოს. ეს არ არის სწორი საქციელი. თუ დღეს და ამ წუთებიდან ვინმეს თავს ზემოთ ძალა აღმოაჩნდება საიმისოდ ეს რომ არ გააგრძელონ, არც ჩვენ ვუპასუხებთ. ანდა რას ვუპასუხოთ, რაც არ იქნება?! თუ ამას ისინი შეძლებენ და გააკეთებენ, ჩვენ თქვენს მოწოდებას, ბუნებრივია, მხარს დავუჭერთ, მაგრამ ჩვენ ამისი მოლოდინი არ გვაქვს,"- მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს.

დღის ამბები