რუსული პირველი არხის თანამშრომლის პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოჩენას, რომლითაც მან უკრაინაში ომი გააპროტესტა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მარინა ოვსიანნიკოვას უკრაინელები, თავად რუსები, ასევე ქართველებიც "ფეისბუკ" გვერდზე მადლობას უხდიან და გმირს უწოდებენ. მისი პროფილის ფოტოზე რეაქციების რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა.
"თქვენ ხართ რუსეთის სინდისი! ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ,"
"მარინა, თქვენ ჩვენი დროის გმირი ხართ და ამ საქციელით დაუფასებელი წვლილი შეიტანეთ პროპაგანდისა და სიცრუის "კარტების სახლის" განადგურებაში,"
"თქვენ გვაძლევთ იმედს, რომ ამ ბნელ სამეფოში ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის,"
"ჩვენ უკრაინიდან ვართ. თქვენ გვაჩვენეთ, რომ რუსეთში არა მარტო პატარა, არამედ დიდებული ადამიანებიც არიან, თუმცა სამწუხაროდ არა დიდებული ქვეყნის. მადლობა სიმართლისთვის!" - წერენ უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ რუსული პირველი არხის თანამშრომელი გადაცემა "ვრემიას" პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოვიდა, რომელზეც ეწერა "გააჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ!".
არხის თანამშრომელი მალევე გაიყვანეს ეთერიდან და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში წერენ, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
დღეს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უფლებადამცველები გუშინ საღამოს დაკავებულ მარინა ოვსიანნიკოვას ვერ პოულობენ.
ცნობისთვის, ტელევიზიის თანამშრომელმა ასევე გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განმარტა, რომ "ის, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს არის დანაშაული. რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და პასუხისმგებლობა ამ აგრესიაზე აკისრია მხოლოდ ერთ ადამიანს, ეს ადამიანი ვლადიმირ პუტინია," - ამბობს მარინა ოვსიანნიკოვა დაკავებამდე გავრცელებულ ვიდეოში.
