16 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
"ჩვენ ვზრდით მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას" - აშშ უკრაინის დახმარებას დამატებით 800 მილიონით აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას დამატებით 800 მილიონით აპირებს - თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი პაკეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსაც მოიცავს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევას ითვალისწინებს და გამოყოფილი თანხა თითქმის 14 მილიარდი დოლარია. 

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ჯო ბაიდენი, დაახლოებით, ერთ კვირაში პოლონეთში გეგმავს ჩასვლას. მიზეზად რუსეთის მიერ იავოროვსკის პოლიგონის დაბომბვა სახელდება, რომელიც NATO-ს საზღვრებთან ახლოს მდებარეობს. 
 
"უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიამ ამერიკაში ხალხი გააერთიანა, გააერთიანა კონგრესის ორი პარტია და თავისუფლების მოყვარე მსოფლიო. მინდა კონგრესის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო სწრაფად მუშაობისთვის. უსაფრთხოების ახალი დახმარებით ჩვენ ვზრდით მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, ამის შესახებ უფრო მეტს ხვალ ვიტყვი. ვაპირებთ უზრუნველვყოთ უკრაინელების სწრაფად მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებები.

ამ ომმა თითქმის 3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია, მათი რიცხვი ყოველ დღე იზრდება. დამატებით 12 მილიონ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება უკრაინაში. უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის ბოლო კვირებში 300 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარული დახმარება გამოვყავით.

მაშინ, როცა რუსეთის თავდასხმების გრძელდება, უკრაინის მომარაგება ძალზედ რთულია. მაგრამ წინა ხაზზე მომუშავე ადამიანების დამსახურებით ჩვენ ვახერხებთ უკრაინის რეგულარულად მომარაგებას, ლტოლვილთა ცენტრებს ვეხმარებით საკვებით. ეს კანონი ომით დაზარალებული უკრაინისა და მისი მეზობლებისთვის საჭირო ეკონომიკურ დახმარებასაც მოიცავს,"- განაცხადა ჯო ბაიდენმა. 
დღის ამბები