პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს.
კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყანას რუსეთისთვის სანქციები საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგაც კი არ დაუწესებია.
"როგორც ცნობილია, ომის პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ, თუმცა ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენაა მიმართული. მათი მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთნენ. ამ დღეების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ. გვინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად რუსებმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა 30 000 მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს სრულად შემოიღო უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არცერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს, ყველასთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ხალხისა და მოსახლეობის, მათ შორის, რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია, თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ომის პარტიას "ნაციონალური მოძრაობის" სახით - თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ, ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად ღიად ისაუბრონ ამაზე.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს. ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უცვლელია და მას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიებისა და უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს. ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოდ დგას და იდგება ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე,"-აცხადებს კობახიძე.