პოლონეთის პრემიერ მინისტრი მათეუშ მორავიეცკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოვიდა და მას ბათუმში ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელებმა პოლონეთისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობაზე, სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის - ლეხ კაჩინსკის როლზე ისაუბრეს.
უკრაინაში შექმნილი ვითარების შეფასებისას, პრემიერ მინისტრებმა გაიხსენეს 2008 წელი. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციული ძალების შეჭრა და მისი აუნაზღაურებელი შედეგები. ირაკლი ღარიბაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე ომის დროს, არც მსოფლიოს ლიდერებმა და საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ რუსეთს სანქციები არ დაუწესეს.
საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და პოლონეთი ევროინტეგრაციის გზაზე მას მხარს უჭერს- ეს გზავნილი ჩამოიტანა ვარშავიდან მათეუშ მორავიეცკიმ, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
პოლონეთის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილმა ინფორმაცია, საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი პოლიტიკური, ჰუმანიტარული და საერთაშორისო დონეზე გაწეული დახმარების შესახებაც მიაწოდა. მთავრობის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და განმარტა, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად, ომის დასრულებისთვის აქტიურად მოქმედებს.