რუსეთი უკრაინაში იმ სცენარებს იმეორებს, რაც საქართველოში უკვე გამოიყენა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ადგილობრივი მოხელეების გატაცებასა და მათ ნაცვლად რუსეთის მარიონეტების დანიშვნაზე საუბრობს.
ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ეს "ტერორის ტაქტიკაა". მისივე თქმით, რუსეთი ეცდება უკრაინაში ადგილობრივი მოსახლეობა მოსკოვზე დამოკიდებული გახადოს. სახელმწიფო მდივანი ამბობს იმასაც, რომ რუსეთი უკრაინაში საომრად პირებს სხვა ქვეყნებიდან და კერძო სამხედრო ჯგუფებიდან დაიქირავებს.
"გვჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში კერძო სამხედრო ჯგუფებიდან და უცხო ქვეყნებიდან დაქირავებულ პირებს შეიყვანს. პრეზიდენტმა პუტინმა ეს აღიარა, როცა ახლო აღმოსავლეთიდან დამატებითი ძალების რეკრუტირება დაუშვა. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მისი საომარი ძალისხმევა ისე არ მიდის როგორც იმედოვნებდა. ასევე, ისინი სავარაუდოდ სისტემატიურად გაიტაცებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მარიონეტებით ჩაანაცვლებენ, ეს უკვე დაწყებულია. მელიტოპოლის მერი რამდენიმე დღის წინ ქუჩიდან აიყვანეს, ის გუშინ გაათავისუფლეს გაცვლის პროცესში, ასევე გაიტაცეს სამხრეთ უკრაინის კიდევ ერთი ქალაქის მერი, ის ჯერ არ გაუთავისუფლებიათ.
უკრაინის ქალაქების განადგურების შემდეგ მოსკოვმა შეიძლება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებად ოფიციალური პირები რუსეთიდან ჩაიყვანოს და წინ წამოწიოს ის, რასაც ეკონომიკურ დახმარებას უწოდებენ, რათა შეეცადონ ხალხი მოსკოვზე დამოკიდებული გახადონ გადარჩენისთვის. ზუსტად ასე იქცეოდა საქართველოში,"- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.