06 მაისი 2024,   06:59
ვრცლად
რამდენად რეალურია მოლაპარაკების შესაძლებლობა კიევსა და მოსკოვს შორის - რუსეთი პროცესის შეფერხებაში აშშ-ს ადანაშაულებს

"შეხვედრის დროა!" უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ამ სიტყვებით პუტინს უხმობს. ოკუპანტების ადმინისტრაცია საუბრის წინააღმდეგი არა არის. არსებობს მოლოდინი, რომ მომდევნო კვირა მოლაპარაკებებში ხელშესახები გახდება.

რუსეთს პროვოკაციებზე უარის თქმა უჭირს დიპლომატიურ ასპარეზზეც. კრემლი მოლაპარაკებების შეფერხებაში გუშინ კიევს, დღეს კი ვაშინგტონს ადანაშაულებს. ამის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თან იმედსაც გამოთქვამს, რომ მეზობელ ქვეყანაში სამხედრო ოპერაცია საბოლოოდ მათთვის სასურველი დოკუმენტით დასრულდება.

კიევში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზადყოფნაში არიან. მომდევნო შეხვედრის თარიღი და ფორმატი უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რაც მაგიდაზე დევს. ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ რუსეთი უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს და მის NATO-სგან დისტანცირებას ითხოვს. უკრაინა ამას განიხილავს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული სახელმწიფოსგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცეცხლი შეწყდა და რუსებმა უკრაინის ტერიტორია დატოვეს, ღიად რჩება - თუ რა პრინციპი შეეხება ანექსირებულ ყირიმსა და დონბასს. ეს ცალკე სამსჯელო თემაა, რომელიც ზელენსკისა და პუტინს შორის განიხილება. ამ ეტაპზე, მხარეები კონკრეტულ ამოცანებზე არიან ფოკუსირებული. რუსეთისთვის 3 საბაზისო მოთხოვნაა: უკრაინის ნეიტრალიტეტი, უარი NATO-ზე და რუსული ენის დაცვა უკრაინაში. კიევის კი: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მრავალმხრივი გარანტიები. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მთლიანობის გადახედვას ქვეყანა არც კი განიხილავს.

მათ ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მოლაპარაკებებში ყველაზე უფრო აქტიურია NATO-ს წევრი თურქეთი, რომელმაც ბევრი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ისრაელის მცდელობების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესში მთავარი მომლაპარაკებლის როლი იკისრა.

აშშ-ის კრემლის მორიგი ბრალდებისთვის დღეს არ უპასუხია, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დაკვირვებით, ეს რუსეთია, ვინც მოლაპარაკებებში არაკონსტრუქციულ როლს თამაშობს და კრემლის რიტორიკაა, რომელიც მას პირადად პოზიტიური გარდატეხების მოლოდინებს არ უჩენს.

ვიდრე ერთმანეთს დაპირისპირებული ქვეყნების ლიდერები შეხვდებიან, თუ ასეთი შეხვედრა მართლაც ჩაინიშნა, ჯერ სამუშაო ტექსტზე შეთანხმება უნდა მოხდეს. ეს კი პირველი დიპლომატების საქმეა, რომლებიც ბოლოს 10 მარტს ანტალიაში შეხვდნენ და საკუთარ დედაქალაქებს გარღვევების გარეშე დაუბრუნდნენ.

დღის ამბები