06 მაისი 2024,   17:08
ვრცლად
რუსეთი სჩადის ომის დანაშაულებებს, ის, რასაც რუსეთი აკეთებს, შორს არის მორალისგან და ომის კანონებისგან - ჟოზეფ ბორელი

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტზე მუშაობს ევროკავშირი - ამ წუთებში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო მიმდინარეობს. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ლიდერები, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკოსები ღიად აფასებენ და რუსეთს კვლავ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკო პოპესკუმ განაცხადა, რომ უკრაინიდან მოლდოვაში 360 000 ლტოლვილი შევიდა, ამ დროისთვის კი ქვეყანაში 100 ათასი უკრაინელი იმყოფება, რაც მოლდოვაში დიდ ზეგავლენას ახდენს სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე.

"360 ათასი ლტოლვილი გაიქცა უკრაინიდან და გადავიდა მოლდოვაში. მათი ნაწილი ევროპის სხვადსხვა ქვეყანაში შევიდა. ამ დროისთვის, უშუალოდ მოლდოვაში, 100 ათასი უკრაინელი იმყოფება, რაც ჩვენი მოსახლეობის 4%-ია. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და დიდი ზეგავლენა აქვს სოციალურ ეკონომიკურ ფაქტორებზე მოლდოვაში.

ახლა მოლდოვისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, მოვიპოვოთ მეტი დახმარება, რომ გავუმკლავდეთ ლტოლვილთა კრიზისს. ჰუმანიტარული კატასტროფა ყველას ეხება. მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირში განაცხადა უკვე გააკეთეს. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ მეგობარ ქვეყნებთან, ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან, კოორდინირებულად ვმუშაობთ მათთან ჩვენს სამომავლო ქმედებებზე. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნების მომავალი ევროპულ ოჯახშია," - განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი ომის დანაშაულებებს სჩადის და ის, რასაც ახლა უკრაინაში ხდება მორალისგან და ომის კანონებისგან შორს არის.

"რუსეთი სჩადის ომის დანაშაულებებს. სიტყვებიც კი არ მყოფნის ამის აღსაწერად. ის, რაც მარიუპოლში ხდება არის მასობრივი მკვლელობა, ანადგურებენ ყველაფერს და კლავენ ყველას. ეს საშინელებაა. აუცილებელია ჩვენ ეს მკაცრად დავგმოთ. მარიუპოლში ხდება მასობრივი ომის დანაშაულებები. ქალაქი მიწასთან არის გასწორებული. ჩენ ყველა ჩვენი რესურსით გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ჩვენ ვიმსჯელებთ თუ რა სახის სანქციების დაწესება შეიძლება ენერგეტიკის მიმართულებით. ჩვენ გვექნება უკრაინის თავდაცვის მინისტრთან საუბარი, გავუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას. რუსეთი ყველა სახის იარაღს იყენებს და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის ამას მშვიდობიანი მოქალაქეების წინაღმდეგ იყენებს. პუტინი ამ ომის საშუალებით მასობრივად ანადგურებს ქვეყანას და თან ისე, რომ არც კი ითვალისწინებს ომის შესახებ არსებულ არცერთ კანონს. ის, რასაც რუსეთი აკეთებს შორს არის მორალისგან და ომის კანონებისგან," - განაცხადა ჟოზეფ ბორელიმ.

წინასწარ ითქვა, რომ შეზღუდვების კონტექსტში მნიშვნელოვანი საკითხია ენერგეტიკის სფერო - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

"ვფიქრობ გარდაუვალია ენერგოსექტორზე საუბარი. ვისაუბრებთ ნავთობზე, რადგან ეს უდიდესი შემოსავალია რუსეთის ბიუჯეტისთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ დისკუსია წითელ ხაზებზე. არის თუ არა ან რა იქნება წითელი ხაზი დასავლეთისთვის, ყველა ჩვენგანისთვის.

ახლა ვხედავთ სამოქალაქო ქალაქების დაბომბვებს, ათასობით დახოცილ სამოქალაქო პირს. აშკარად ეს ჯერ კიდევ არ არის წითელი ხაზი. მაგრამ სადღაც უნდა იყოს ეს. ვფიქრობ ჩვენ რუსეთს უნდა ვუთხრათ, რომ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით მათ ქმედებებს. ტრიბუნალი გარდაუვალია. ბევრი დებატია ვინაა დამნაშავე ამ სიტუაციაში. პირადად მე ვფიქრობ, რომ ბევრი მსგავსებაა პუტინიზმსა და ნაციზმს შორის. რაც ნიშნავს, რომ ეს იდეოლოგიაა, სისტემაა, სადაც ჰყავთ ლიდერები, იდეოლოგიას ჰყავს მიმდევრები, სიმბოლო. ამიტომ ვფიქრობ, რომ სისტემური მიდგომა უნდა გვქონდეს თვითონ პუტინიზმთან. შესაძლებელია ტრიბუნალი იყოს გზა ამის გასაკეთებლად," - აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

​"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუყონებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას მშვიდობიანი მოქალაქეების და ინფრასტრუქტურის განადგურების გამო. ჩვენ მხარს ვუჭერთ დაუწესდეს რუსეთს მორიგი სანქციები. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ თუ როგორ შიძლება მსოფლიოსგან რუსეთის კიდევ უფრო იზოლირება. ჩვენ უნდა განვიხილოთ მოლდოვის, უკრაინის, საქართველოს ევროპული პერსპექტივები. სამივე ქვეყანა იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. რუმინეთი თავის მხრივ სამივე სახელმწიფოს ამ მიმართულებით მხარს დაუჭერს," - ამბობს ბოგდან აურესკუ.

დღის ამბები