რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც თავი დააღწიეს რუსულ ჯოჯოხეთს - ქართველებით სავსე ავტობუსი სამშვიდობოს გადის.
მარიუპოლი-ლვოვი-ვარშავა ეს არის ლტოლვილების გრძელი გზა, რომელსაც ასევე გადის "კურიერის" გადამღები ჯგუფი. უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ახლაც გრძელდება. საბოლოოდ კი პოლონეთის გავლით საქართველოში 50-მდე მოქალაქე დაბრუნდება.
"ჩვენთან 15 კილომეტრში ისროდნენ და მოდიოდნენ რუსები, ახლა უკვე მესამე დღეა აქ ვარ, მეუღლეს, შვილიშვილებს და ქალიშვილს ვაცილებ, შვილი იქაა და მეც უნდა დავბრუნდე უკან," - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
მგზავრები იხსენებენ იმ მძიმე ვითარებას, რომლის გამოვლაც 28 დღის განმავლობაში მოუხდათ.
"ჯოჯოხეთი გამოვიარეთ მარიუპოლიდან, ზაპოროჟიეში შეგვხვდა კეთილი, მორწმუნე ხალხი და აქამდე მოგვიყვანეს, ლვოვამდე. დღესაც გონზე ვერ მოვდივართ როგორ გამოვედით. ეს იყო საშინელება. არაფერი არ გაგვაჩნია, ყველაფერი დაიბომბა და მიწასთან არის გასწორებული. 20 დღე ბუნკერში ვიჯექით, სახლი თავზე დაგვეცა, შემდეგ სკოლის ბუნკერში წავედით, თოვლივით ცვიოდა ბომბები, ფეხით გამოვიქეცით, 20 კილომეტრი ფეხით გამოვიარეთ," - განაცხადა ერთ-ერთი მოქალაქემ "კურიერთან" საუბრისას.
"კურიერის" კორესპონდენტის ბექა პატურაშვილის ვრცელ რეპორტაჟს, თუ რა გზის გავლა უწევთ ომს გამოქცეულებს და რა ვითარებაში უწევთ მგზავრობა - მაყურებელი ხვალ კურიერში ცხრა საათზე იხილავს.