თაღლითურად გამოძალვის ფაქტზე კლუბის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.
რესტორან "ქალაქურის" წარმომადგენელს არ სურს საუბარი, დანაშაულზე, რომელიც ამავე შენობაში მდებარე კლუბ "ქალაქურში" ხდებოდა. კლუბი "ქალაქური" მასშტაბური დანაშაულის საქმის გახსნის შემდეგ, სამართალდამცველებმა დალუქეს. დაკავებულებს შორის არიან ბარმენი და მიმტანი, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულში მხილებულ სხვა პირებთან ერთად, ტურისტებს ჯერ საკვების და სასმელის შეკვეთას აიძულებდნენ, შემდეგ კი, ფიქსირებულზე გაცილებით დიდ თანხას ახდევინებდნენ. საგამოძიებო უწყებამ ფარული ჩანაწერებიც გაავრცელა.
კიდევ ერთი ლოკაცია, სადაც დანაშაული ხდებოდა, ძველ თბილისში მდებარე კლუბი "როიალია". ახლა ისიც დალუქულია. "კურიერმა" გაარკვია სქემა, რომლითაც ბრალდებულები მოქმედებდნენ - კლუბის თანამშრომელი პრომო გოგონები უცხოელებს სოციალურ ქსელ "ტინდერში "უკავშირდებოდნენ, ითანხმებდნენ კლუბში დაპატიჟებაზე, რაც ტურისტ მამაკაცებს ძვირი უჯდებოდათ. სქემაში მონაწილეობდნენ კლუბების მფლობელებიც. მტკიცებულებებს შორის ბრალდებულების სატელეფონო საუბრებიც.
ორგანიზებული დანაშაულის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე თვე იძიებდა. დაკავებულია 13 პირი, მათ შორის კლუბების მფლობელი სომხეთის სამი მოქალაქე. ბრალდებულებს შორის 7 ქალია. ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თაღლითობაში ბრალდებულების ნაწილი ბრალს აღიარებს.
მასშტაბური დანაშაული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ტურისტული და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის შელახვად შეაფასა.
ტურისტების მიმართ, თაღლითობის საქმის ძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. უკვე დაკავებულებს 7-10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.