24 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
რა შედეგით დასრულდა შეხვედრა სტამბოლში და უსაფრთხოების რა კონკრეტული გარანტიების ჩადებას ითხოვს უკრაინა შეთანხმებაში

უკრაინული გენშტაბის განცხადებით, რუსული ჯარი კიევიდან და ჩერნიგოვიდან გადის.

რუსეთი უკრაინაში კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით სამხედრო ოპერაციის ინტენსივობას შეამცირებს - აცხადებს მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მოლაპარაკება სტამბოლში კონკრეტული შედეგით დასრულდა. საუბარი იყო უსაფრთხოების გარანტიებზე. უკრაინამ თქვა, რომ მზად არის უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე და სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, მაგრამ ამის სანაცვლოდ უნდა ამოქმედდეს NATO-ს მეხუთე მუხლის თანაბარი პრინციპები. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ განხილულა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აცხადებს უკრაინული დელეგაცია.

"ევროპაში უსაფრთხოების საკითხს დიდი ბზარი აქვს - ჩვენ ხელი არაფერზე არ გვაქვს მოწერილი, უბრალოდ, რუსეთს გადავცემთ ჩვენს პოზიციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემის შესახებ. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რომ ეს იყოს შეთანხმება, რატიფიცირებული უსაფრთხოების ყველა გარანტი, რათა არ განმეორდეს ბუდაპეშტის მემორანდუმში დაშვებული შეცდომა, რომელიც მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯია. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მოქმედი საერთაშორისო მექანიზმი უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით, სადაც გარანტი ქვეყნები NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი იქნებიან, მაგრამ უფრო მკაცრი, რადგან არსებობს მოტივაციის მექანიზმი. გარანტორმა ქვეყნებმა უნდა მოგვაწოდონ სამხედრო დახმარება, შეიარაღებული ძალები, დაკეტილი ცა - ყველაფერი, რაც ახლა ძალიან გვჭირდება და ვერ მივიღეთ, ეს არის ჩვენი წინადადება. ვის ვხედავთ გარანტორებს შორის - გაეროს უშიშროების საბჭოს, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, აშშ-ს, საფრანგეთს, თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს, ისრაელს. ჩვენ გვინდა, რომ საგარანტიო ხელშეკრულებას თავისუფლად შეუერთდნენ, თუ სხვა ქვეყნებს სურთ გაწევრიანება, ჩვენ მივცემთ მათ ასეთ კანონიერ უფლებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ყირიმთან, ამიტომ, გარანტიები ამ სფეროებში დროებით არ იმუშავებენ. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გასცა წინასწარი თანხმობა, მაგრამ ჩვენ ველოდებით ოფიციალურ განცხადებებს. ეს არის სისტემა, რომელზეც ჩვენ გვინდა ავაშენოთ უკრაინის ახალი მომავალი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს გარანტიები უნდა დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის," - აცხადებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე უკრაინის მხრიდან, დავით არახამია.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი კი აცხადებს, რომ დამატებით დეტალებს მოლაპარაკებების შესახებ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გაავრცელებენ.

"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღეს განხილული პრინციპების გათვალისწინებით, ორმხრივი ნდობის ამაღლებისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შექმნისა და საბოლოო მიზნის მისაღწევად ზემოაღნიშნული შეთანხმებისა და ხელმოწერისთვის, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რადიკალურად, რამდენჯერმე შემცირდეს სამხედრო მოქმედებები კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთავარი გადაწყვეტილებები მიიღება კიევში და უნდა შეიქმნას პირობები შემდგომი მუშაობისთვის. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დამატებით დეტალებს ჩვენი დელეგაციის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გაავრცელებს,"- აცხადებს ალექსანდრ ფომინი.

დღის ამბები