16 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
რა შეთანხმების სანაცვლოდ იტყვის უკრაინა უარს NATO-ზე - პოდოლიაკის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას რეფერენდუმით მიიღებენ

უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, სტამბოლის შეთანხმების იმპლემენტაცია მხოლოდ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის შემდეგ მოხდება. მისივე თქმით, ამ საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. პოდოლიაკი ამბობს, რომ შეთანხმებას უნდა ჰქონდეს გარანტორი ქვეყნების და უკრაინის პარლამენტების სრული მხარდაჭერაც.

"ამ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდება შემდეგი პროცედურის მიხედვით: პირველი, ეს იქნება რეფერენდუმი, რომელშიც უკრაინის ყველა მოქალაქე გამოხატავს თავის პოზიციას ამ შეთანხმების შესახებ. ამის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების რატიფიცირება. ეს არის მთავარი ანუ ჩვენ უნდა მივიღოთ საზოგადოების მხარდაჭერა, რომ ეს შეთანხმება მართლაც ერთიანი იყოს ჩვენთვის. შემდეგ რატიფიცირება გარანტორი ქვეყნების და უკრაინის პარლამენტების მიერ. რაც შეეხება ისეთ საკითხს, როგორიც არის ყირიმი, ეს არის ხელშეკრულების ცალკე პუნქტი, სადაც ჩვენ ვთავაზობთ უკრაინისა და რუსეთის პოზიციის დაფიქსირებას, ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას 15 წლის განმავლობაში. როგორც ცალკე პუნქტი, ჩვენ ვთავაზობთ რუსულ მხარეს, რომ უკრაინა და რუსეთი არ გამოიყენებს სამხედრო ან შეიარაღებული ძალებს ყირიმის საკითხის მოსაგვარებლად მანამ, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს,"-აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

უკრაინის დელეგაციის კიდევ ერთი წევრის, ალექსანდრ ჩალის განცხადებით, მოლაპარაკების შედეგად, უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის, უბლოკო და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არაფერმა შეუშალოს ხელი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

"უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეკრულება ომის დასრულების შესაძლო დიპლომატიური ვარიანტი ხელშეკრულების მთავარი მოთხოვნაა უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები, რაც NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უნდა იყოს. ანუ თუ უკრაინა გახდება აგრესიის ობიექტი, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ კონსულტაციები სამი დღის ვადაში, თუ ეს არ გამოიწვევს რაიმეს, მაშინ გარანტორი ქვეყნები უნდა დაგვეხმარონ შეიარაღებაზე და დახურონ კიდეც ცა. თუ ჩვენ მოვახერხებთ ამ საკვანძო დებულებების კონსოლიდაციას, უკრაინა შეძლებს თავისი სტატუსის დაფიქსირებას, უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის, უბლოკო და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება. ასეთი გარანტიებით, რომლებიც NATO-ს მე-5 მუხლის ტოლფასია, ჩვენ არ განვათავსებთ უცხოურ სამხედრო ბაზებს ჩვენს ტერიტორიაზე და არ შევალთ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში. მაგრამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ არაფერი ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის უფლებას გაწევრიანდეს ევროკავშირში," - აცხადებს ალექსანდრ ჩალი.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმერ მედინსკის განცხადებით, მოლაპარაკებაზე უკრაინული მხარის წინადადებები ვლადიმერ პუტინს ეცნობება და მათი განხილვა უახლოეს მომავალში მოხდება.

"რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. ჩვენ მივიღეთ წინადადებები უკრაინიდან განსახილველად - მათი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, შეთანხმებაში ჩართვასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარის წინადადებები ეცნობება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. ეს წინადადებები განიხილება უახლოეს მომავალში. დღევანდელი შინაარსიანი საუბრის შემდეგ ჩვენ შევთანხმდით და ვთავაზობთ გამოსავალს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად. უფრო მეტიც, ამ პარაფირებისა და ხელშეკრულების დეტალების განხილვის დროს შესაძლებელია სხვადასხვა პოლიტიკური ნიუანსებისა და დეტალების განხილვა. სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრის საკითხზე, თავიდანვე ვთქვით, რომ ეს შეხვედრა შესაძლებელია. შესაძლებელია, როცა ხელშეკრულება მზად იქნება ხელმოწერისთვის, მოლაპარაკებების და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შემუშავებული," - აცხადებს მედინსკი.

 
დღის ამბები