26 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
მოწამლეს თუ არა რომან აბრამოვიჩი და უკრაინული დელეგაციის სხვა წევრები - როგორ იყენებს პუტინი აკრძალულ ნივთიერებებს პირადი მტრების მოსაშორებლად

რა გახდა ცნობილი რომან აბრამოვიჩის მოწამვლისა და მისი უკრაინაში ვიზიტების შესახებ. ბრიტანული "თაიმსი" ექსკლუზიურ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ ვლადიმერ პუტინს აბრამოვიჩმა გადასცა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელით დაწერილი წერილი, სადაც უკრაინის მხრიდან ომის დამთავრების პირობები იყო ჩამოწერილი.
"გადაეცი, რომ მე მათ გავანადგურებ“ - ეს იყო პუტინის პირველი რეაქცია ზელენსკის წერილზე, თუმცა ამის შემდეგ მოლაპარაკებები მაინც გაგრძელდა.
აბრამოვიჩი უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს რეპუტაციის გადარჩენას და შუამავლის როლს ასრულებს. მისი კერძო თვითმფრინავი შემჩნეულია სტამბულისა და სოჭის თავზე.
ოლიგარქი ჩასული იყო კიევსა და ლვოვშიც.

სწორედ უკრაინულ მონაკვეთს ემთხვევა გავრცელებული ცნობა აბრამოვიჩის მოწამვლის შესახებ, თუმცა ვერსიები განსხვავებულია და სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში
სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ვაშინგტონს ისევ არ სჯერა, მოსკოვი ცინიკურია, კიევი კი არც ადასტურებს და არც უარყოფს.

არავინ იცის დადასტურებულად ეს იყო შემთხვევითობა, გაფრთხილება თუ სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, თუმცა დიდი ალბათობით რუს ოლიგარქს 3 მარტს ნამდვილად ჰქონდა მოწამვლის ნიშნები. ეჭვებს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ანალოგიური სიმპტომები მოლაპარაკების მონაწილე კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის რომან აბრამოვიჩის თანმხლებ რუსტემ უმეროვს.

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე გამოჩნდა, თუმცა მედიისთვის არაფერი უთქვამს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ის რამდენიმე დღის წინ რუსული ნერვული აგენტით მოწამლეს.

"ფაინეშელ თაიმსის" ინფორმაციით, მომწამლავი ნივთიერება ასევე გამოიყენეს უკრაინული დელეგაციის მინიმუმ ორი წევრის მიმართ. ფაქტს ოფიციალურად არავინ ადასტურებს, თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკებაში ჩართულ პირებს მეტი სიფრთხილის გამოჩენა ღიად ურჩია.

ცინიკური იყო მოსკოვის პასუხი. მარია ზახაროვამ თქვა, რომ ახლა რუსეთისთვის გასაგებია, თუ რატომ მოახდინა უკრაინულმა მხარემ მათი დელეგაციის ერთ-ერთი წევრის ლიკვიდაცია.

აბრამოვიჩი თავს კარგად გრძნობს, თუმცა მისი მოწამვლის ფაქტს  BBC-ის ოლიგარქის გარემოცვა უდასტურებს. საერთაშორისო მედია დეტალურად აღწერს, თუ როგორ იყენებს ვლადიმერ პუტინი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად აკრძალულ ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს.

"ნოვიჩოკის" ერთ-ერთი შემქმნელი, ვლადიმირ უგლევი ყვება თუ როგორ შექმნეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ნერვული აგენტი "ა-234“, იგივე "ნოვიჩოკი". პროგრამა მიმდინარეობდა კოდური სახელწოდებით "ფოლიანტი". ბოლო წლებში კრემლი "ნოვიჩოკს"  პუტინის პირადი მტრების გასანეიტრალებლად აქტიურად იყენებს.

სწორედ რუსეთის ლაბორატორიაში შექმნილი ნერვული აგენტით მოწამლეს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2020 წელს. რუსეთის სპეცსამსახურებმა იგივე ნივთიერება გამოიყენეს ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მიმართ. "ეფესბეს" ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს ქვრივი ახლა რუსეთის რიგით მოქალაქეებს მოუწოდებს ნებისმიერი გზით შეაჩერონ კრემლის აგრესია უკრაინაში. მარინა ლიტვინენკო იხსენებს იმასაც, თუ რატომ მოწამლეს მისი მეუღლე 2006 წელს.

აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მიმართაც. ვიქტორ იუშენკო 2004 წელს, ანუ იმ დროს მოწამლეს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი იყო კრემლის მთავარი ფავორიტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ. სოფიაში რუსულ "ნოვიჩოკს" ემსხვერპლა ცნობილი ბულგარელი ბიზნესმენი ემილიან გებრევიც.

ამ მომწამლავი ნივთიერების გამოყენება შესაძლებელია როგორც სასუნთქი გზებით, ასევე მოწამლული ნივთიერების მიღებით, ან ზედაპირზე შეხებით. სხეულში მოხვედრისთანავე ნერვული აგენტი იწვევს კუნთების ბლოკირებას, საბოლოო მიზანი კი გულის ან თავის ტვინის გათიშვაა.

დღის ამბები