საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია FTX Digital Market-ის აღმასრულებელ დირექტორს რაიან სალამეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე. განიხილეს, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს თანამშრომლობა. აქვე ხაზი გაესვა იმ სექტორებს, რომლებიც აღნიშნული კომპანიისთვის არის უპირატესი.
პრემიერ-მინისტრმა FTX Digital Market-ის აღმასრულებელ დირექტორს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესასწავლად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოიწვია. მთავრობის მეთაური, FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება.
ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. სამ ბანკმან-ფრიდს გაცხადებული აქვს, რომ ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.