16 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
ოკუპაციის პირობებში, არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია, იქ ჩატარებულ რეფერენდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულია სამშვიდობო პოლიტიკის და პროვოკაციებში ჩართვას არ აპირებს.

"ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ტერიტორია ოკუპირებულია, როდესაც ამ ტერიტორიების ოკუპაციას აქვს არამარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც და ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იქ მიმდინარეობს ოკუპაცია. ოკუპაციის პირობებში, არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრებისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა და მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვგრძნობთ, არის მცდელობა, რომ ის მძიმე შედეგები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ 2008 წელს კვლავ განმეორდეს საქართველოში და საქართველო კვლავ ჩაერთოს პროვოკაციებში, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის, რომელიც მიმართულია, ერთის მხრივ, დეოკუპაციისკენ და ძალის არ გამოყენების ვალდებულებაზე, რომელიც საქართველომ არაერთხელ აიღო,"- აცხადებს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთში შესვლაზე 10 აპრილს ე.წ. რეფერენდუმი დანიშნა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანი ამბობს, რომ "რეფერენდუმი" ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება. მანამდე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები