ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატის, რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს.
"ნაციონალური მოძრაობაში" ირწმუნებიან რომ არჩევნებისთვის, მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურად გაზარდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა სხვა რეგიონებიდან ამ ოლქში 1053 მოქალაქე ჩაწერა, რამაზ ჯინჭარაძე კი ხმების სანაცვლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობდა. ოპოზიციის თქმით, ჯინჭარაძემ რამდენიმე მოქალაქეს ბინას და თანხის გადაცემას დაჰპირდა.სწორედ ამას ეხება ოპოზიციის სარჩელი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიერ სასამართლოზე წარდგენილი გარემოებები არ დასტურდება. ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 400 ადამიანით გაიზარდა, რაც მზარდი ქალაქისთვის ლოგიკური ციფრია.
შუალედური არჩევნები ბათუმში 2 აპრილს გაიმართება. "ქართული ოცნებიდან" კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძეა,"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კი მათე ფუტკარაძე.