16 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
რეფერენდუმად წოდებული ანექსია - ბიბილოვი ე.წ. დამოუკიდებლობაზე უარს ამბობს და რუსეთზე მიერთების რეფერენდუმს ნიშნავს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა გეგმები დააკონკრეტა. ბიბილოვი რუსეთთან შეერთების შემთხვევაში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას აპირებს.

ანატოლი ბიბილოვი ამ საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, ეს იქნება "სამართლებრივი ნაბიჯი", გახდნენ ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი. ე.წ პრეზიდენტის ინიციატივას ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებთა ნაწილი დროშებითა და მანქანებით შეხვდა.

მორიგი არაკანონიერი გამოკითხვა, რეგიონში ე.წ. არჩევნების ანუ 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება. ანატოლი ბიბილოვის განცხადება გუშინ საღამოსვე რუსეთის მმართველი პარტიის, "ეძინაია რასიას" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, პუტინი პრესსპიკერი დღეს ამტკიცებდა, რომ კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს, თუმცა დიმიტრი პესკოვმა მედიას უთხრა, რომ რეფერენდუმს პატივისცემით ეპყრობიან.

ე.წ. რეფერენდუმის ინიციატივას მალევე მოჰყვა ოფიციალური თბილისის რეაქცია. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისოდ აღიარებული ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა. დავით ზალკალიანის თქმით, იკვეთება მცდელობა, საქართველო ჩართული იყოს პროვოკაციაში.

დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. ინიციატივა უკრაინაში ომის ფონზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის გაკვირვებია. პარტიები თანხმდებიან, რომ ბიბილოვმა კრემლის გზავნილი გაახმოვანა. ამის საპასუხოდ ოპოზიცია ხელისუფლებისგან მეტად მკაფიო და აქტიურ პოლიტიკურ ნაბიჯებს ითხოვს.

დე ფაქტო რეჟიმის ინიციატივას, ოკუპირებულ რეგიონში ჩანიშნულ ე.წ არჩევნებს უკავშირებს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ დე ფაქტო რეჟიმის ასეთ ინიციატივებს, ლეგიტიმაცია არ აქვს.

ოკუპირებულ ცხინვალისგან განსხვავებით, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას არ განიხილავენ აფხაზეთში. რეგიონის დე ფაქტო რეჟიმი რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებს, თუმცა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას არ სურთ. ამის შესახებ რუსულ მედიას ე.წ. პარლამენტის სპიკერმა განუცხადა, რომელმაც თქვა, რომ მათ კონსტიტუციაში მკაფიოდაა გაწერილი აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი. ამ თემაზე განმარტება გააკეთა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმაც. სერგეი შამბა ამბობს, რომ აფხაზეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და რუსეთში შესვლა არ განიხილება.

დღის ამბები