03 მაისი 2024,   19:30
ვრცლად
ბუჩაში მოწყობილი სასაკლაოს გამო რუსეთი ახალ სანქციებს მიიღებს - რა შეფასებები მოჰყვა ომის დანაშაულებს მსოფლიოში

დასავლეთი, ჯერჯერობით, ისევ გმობს და ღრმად შეშფოთებულია - ყველა ელოდება, წავა თუ არა ევროპა რადიკალურ სანქციებზე და დაუწესებს თუ არა სრულ ემბარგოს რუსეთის ფედერაციას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გუშინვე მოუწოდა ევროკავშირს, უარი თქვას რუსულ გაზზე, თუმცა მყისიერ ემბარგოზე თავად ბერლინი არ არის მზად. ყველაზე დიდი, რაც გერმანიამ ომის დაწყებიდან დღემდე ამ მიმართულებით გააკეთა, რუსეთიდან ნავთობის და გაზის ექსპორტის 10%-ით შემცირებაა. დღეს პოლონეთი აცხადებს, რომ გერმანია კიდევ ერთხელ ხდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ძირითადი მუხრუჭი.

ვოლოდიმირ ზელენსკი მერკელს და სარკოზის ბუჩაში იწვევს, რადგან მათ თავიანთი თვალით ნახონ, რა მოიტანა ბერლინისა და პარიზის მიერ რუსეთისადმი დათმობის პოლიტიკამ.

ბუჩას სისასტიკის ხილვა არ დასჭირდა ბალტიის ქვეყნებს. სამივე სახელმწიფომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ უარს ამბობს რუსულ ენერგიაზე. ამის გარდა, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთისა და ბელარუსისთვის სრულ სატრანსპორტო იზოლაციას ამზადებენ.

კიევი დიდი შვიდეულისგან სასწრაფოდ ითხოვს მოსკოვისთვის ახალი დამანგრეველი სანქციების დაწესებას. ეს უნდა იყოს: რუსული ნავთობის, გაზის და ქვანახშირის სრული ემბარგო, ყველა პორტის დაკეტვა რუსული ხომალდებისა და პროდუქციისთვის და რუსეთის ყველა ბანკის გათიშვა "სვიფტიდან".

შემზარავი ტრაგედია, აუტანელი სისასტიკე, ენით აუწერელი საშინელება, ომის დანაშაული - ბუჩაში რუსი სამხედროების ქმედებებზე, მსოფლიო ლიდერების შეფასებები იდენტურია. დასავლელი პოლიტიკოსებისთვის რუსეთის არმიის ხელწერა, რეალურ ცხოვრებაში სწორედ ასე გამოიყურება და განგაშის სიგნალია. უკრაინის პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ბუჩაში გადაღებული კადრების შემდეგ, რუსეთის მიმართ უფრო კრიტიკულები და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში უფრო თამამები არიან.

"ის ომის დამნაშავეა, ეს კაცი სასტიკია და პასუხი უნდა აგოს" - ასე ეხმაურება ამერიკის პრეზიდენტი ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიას და თვლის, რომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტი სანქციები უნდა დაწესდეს. ახალი სანქციების მომხრეა გერმანიის კანცლერიც. გერმანიაში ფიქრობენ, რომ ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვაზე უნდა იმსჯელოს. რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის აკრძალვას უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობენ ევროკავშირშიც. მსოფლიო ლიდერების აქტიურობის მიუხედავად, პარტნიორების ქმედებები არასაკმარისია პოლონეთის პრემიერისთვის. მათეუშ მორავიეცკი ევროპელ ლიდერებს აკრიტიკებს.

მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად თანაგრძნობას უცხადებენ უკრაინას საქართველოშიც. ბუჩაში სასტიკი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და სალომე ზურაბიშვილი 2008 წელს იხსენებენ და ამბობენ, რომ საქართველოში კარგად ესმით რას ნიშნავს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. საქართველო უკრაინას სოლიდარობას და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ, ოფიციალურ დონეზე უცხადებს.​

ბუჩაში რუსული რეჟიმის აგრესიული მოქმედებები, არა მარტო მსოფლიო პოლიტიკის, არამედ საერთაშორისო მედიის დღის წესრიგშიცაა. "დეილი მირორი", "ფაინანშალ თაიმსი", "გარდიანი", "მეტრო", "დეილი ექსპრესი" - მსოფლიო პრესის გიგანტები რუსეთის ქმედებებს უკრაინის ახლად გათავისუფლებულ ქალაქებში ამ ფორმით გამოეხმაურნენ - დღეს ყველა გამოცემის პირველი გვერდის მთავარი თემა და ფოტო ბუჩაში დატრიელებული ტრაგედია იყო.

დღის ამბები