18 ოქტომბერი 2024,   07:05
ვრცლად
ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების გაგრძელება, რაც უახლოეს წარსულში ვიხილეთ, ეს კონკრეტული ბრალდება არის ძალიან მძიმე მოვლენა - ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციას, საქართველოს გავლით კონტრაბანდის არხის შესახებ, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი უკრაინაში ხელისუფლებას წარმოადგენს, რაც ამგვარი ბრალდებების ერთ-ერთი მიზეზია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელებაა, რაც საზოგადოებამ უახლოეს დღეებში იგივე ელჩის გაწვევის სახით იხილა.

"ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ვიხილეთ, მათ შორის იგივე ელჩის გაწვევის სახით.

ამ ყველაფერს აქვს სამწუხაროდ ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ადამიანები, რომლებიც აქ რადიკალურ ოპოზიციაში არიან, იქ ხელისუფლების ნაწილი არიან. იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამასაც ძალიან რბილად ვამბობ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ.  

უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ თქვენ მოიკითხოთ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები