ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება უნდა შეამციროს, რათა საკუთარი ღირებულებების დაცვა უკეთ მოახერხოს. მისი თქმით, უსამართლობაა, როცა რუსეთი იმაზე მეტს იღებს ფინანსურად ევროპისგან, ვიდრე ამას უკრაინა, რომელიც რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის მსხვერპლია.
"ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთის იზოლირება საერთაშორისო საზოგადოებისგან. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს კონფლიქტი კიდევ უფრო მძიმე სურათამდე არ მივიდეს. ჩვენ უნდა დავანახოთ ეს სიტუაცია მათ, ვინც ვერ ხედავს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ევროპული პასუხისმგებლობის ნაკლებობა, როცა საქმე თავდაცვას ეხება. ამიტომ არის საჭირო სტრატეგიული კომპასი, ამ კრიზისის დროს. გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე. 1 მილიარდი ევრო მივეცით უკრაინას დახმარების სახით, ამ დროს, ამ თანხას რუსეთს ენერგორესურსებში ყოველდღიურად ვუხდით. შეადარეთ ეს ციფრები ერთმანეთს. მათ შორის არსებობს გიგანტური განსხვავება.
უნდა შევამციროთ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, მეტი შესაძლებლობა უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ღირებულები დავიცვათ,"-აცხადებს ჟოზეფ ბორელი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა, რაც ქვანახშირის იმპორტის აკრძალვასაც გულისხმობს.