16 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები, მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა ამ საკითხებთან დაკავშირებით - ჰარცელი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

უკრაინის სამხედრო დაზვერვის საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეხმაურება. მისი შეფასებით, ბრალდებები ძალიან სერიოზულია და სერიოზულად უნდა იქნას მიღებული.

"ჩვენ ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პასუხი, რომ ასეთი საქმიანობა არ ხორციელდება. რაც შემეხება მე, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან და სერიოზულად უნდა იქნას მიღებული," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დაზვერვის მთავარი ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

ამასთან,  უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე ოფიციალური კიევი მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება. "უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსები უკვე შექმნიდნენ ამ ქვეყნის გავლით სანქციების გვერდისასავლელ მარშრუტს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, გადავწყვეტთ, რა ქმედებები განვახორციელოთ," - განაცხადა კულებამ.

დღის ამბები