14 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს, დახმარებაში მოვიაზრებთ მუშაობის გაძლიერებას უსაფრთხოების, კიბერთავდასხმების კუთხით - იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში, 2 საათში ნატოს მინისტერიალი იწყება. 2 დღიანი ღონისძიების ფარგლებში, დღეს დაგეგმილია არაფორმალური ვახშამი, რომლის დაწყებამდე, განცხადებებს გააკეთებენ ნატოს გენერალური მდივანი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, რომელიც უკვე ბრიუსელშია. მთავარი თემაა უკრაინა და ის, თუ რა კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს ნატო, მათ შორის საქართველოს.

ფორუმზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ეს ილია დარჩიაშვილისთვის ახალ პოზიციაზე პირველი საერთაშორისო ვიზიტია.

მინისტერიალის დაწყებამდე იენს სტოლტენბერგმა განცხადება გააკეთა: 

"ნატოს საგარეო მინისტერიალზე, დღეს და ხვალ ვისაუბრებთ რუსეთის ბრუტარულ ომზე უკრაინაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ შემაძრწუნებული კადრები ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში. ეს არის პუტინის ომის რეალური სახე. ეს არის ომის დანაშაულები. ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ გამოძიებასა და ფაქტების შესწავლას, იმისთვის რომ დავრწმუნდეთ, დამნაშავეები დაისჯებიან.

რუსეთს ჩრდილოეთით გადაჰყავს ჯარი იმისთვის, რომ შეიარაღება მისცეს და მეტად გააძლიეროს. პრეზიდენტ პუტინის მიზანია დონბასის სრულად ხელში ჩაგდება. არანაირი ნიშანი არ არსებობს იმის, რომ პუტინი ქცევას ცვლის. მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ უნდა შევაკაოთ რუსეთი სანქციებით. შეხვედრაზე უნდა შემოგვიერთდეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ის პირისპირ გაგვაცნობს მიმდინარე სიტუაციას.

შეხვედრაზე ასევე შემოგვიერთდებიან სხვა პარტნიორები - საქართველო, შვედეთი, ჩინეთი, ევროკავშირის წარმომადგენელები, აზია, წყნარი ოკეანის ქვეყნები. ვისაუბრებთ ნატოს სტრატეგიის ახალ კონცეფციაზე, რაც იქნება ერთგვარი გზამკვლევი ალიანსისთვის ამ მეტად საშიშ დროს. ამ კონცეფციაში საუბარია რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებზე. ასევე როგორ გავუმკლავდებით კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებს, ტერორიზმს.

ნატოს მოკავშირეები წლებია მხარს უჭერენ უკრაინას. რუსეთის შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა მოკავშირეების დახმარება უკრაინისთვის. ალიანსის მოკავშირეები უკრაინას აძლევენ ანტისატანკო, საჰაერო თავდაცვით სისტემებს, მძიმე და მსუბუქ იარაღს. სწორედ ამ იარაღით განადგურებულ რუსულ იარაღს ვხედავთ კადრებში. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ საუბარია ნატოს მოკავშირეების მნიშვნელოვან დახმარებაზე.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ დავეხმაროთ ჩვენს ღირებულ პარტნიორებს. ამის შესახებ ვისაუბრებთ დღეს და ხვალ, თუ როგორ როგორ გავაძლიეროთ ამ პარტნიორებისთვის დახმარება. ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშ არიან. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. დახმარებაში მოვიაზრებთ მუშაობის გაძლიერებას უსაფრთხოების, კიბერთავასახმების კუთხით. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ნატოს კარი ღია რჩება,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

 

 

 

 

დღის ამბები