რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს ჟოზეფ ბორელი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ინფორმაციით, ნავთობის ემბარგოს სანქციების მე-5 პაკეტი მართალია არ ითვალისწინებს, მაგრამ ამ საკითხზე ევროკავშირი მსჯელობას ორშაბათიდან დაიწყებს.
ბორელი ასევე იმედოვნებს, რომ გაერო მიიღებს გადაწყვეტილებას გარიცხოს რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან.
"ჩვენ გავაგრძელებთ ტრანსატალატიკურ თანამშრომლობას, რომ პასუხი გავცეთ რუსულ აგრესიას. ყველამ ნახა ბუჩასა და უკრაიანის სხვა ტერიტორიებიდან გავრცელებული კადრები. ჩვენ ვგეგმავთ ვესტუმროთ კიევს და შევხვდეთ ბატონ ზელენსკის. ახლა მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა. მეტი იარაღი უნდა მიიღოს უკრაინამ. საჭიროა მეტი რესურსის გამოყოფა, მეტი სამხედრო დახმარება, მეტი წნეხი რუსეთზე, მეტი სანქცია იმისთვის, რომ რუსეთი შევაჩეროთ. საბოლოოდ დამტკიცდება სანქციების მეხუთე პაკეტი. დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა იმ კუთხით, რომ გაეროში იღებენ გადაწყვეტილებას რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვაზე, რაზეც ხმათა ორი მესამედია საჭირო. მაგრამ იმედი მაქვს რომ ასე იქნება.
რაც შეეხება ნავთობზე ემბარგოს ეს არ შედის მე-5 პაკეტში, თუმცა ამ საკითხს ორშაბათს განვიხილავთ. იმედი მაქვს მალე ნავთობზეც დაწესდება ემბარგო," - განაცხადა ბორელიმ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ალიანსი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.
"დღეს ერთიანად ვპასუხობთ ბუჩასა და მარიუპოლში მომხდარ არაადამიანურობასა და სისასტიკეს, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ, როგორც ევროპული სახელმწიფოები, ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან კოორდინაციით დამატებით სანქციებს ვაწესებთ, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში სრულადაა ჩართული იაპონიაც. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით და ეს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა," - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.